მაია ცქიტიშვილი: მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60% აცხადებს თანხმობას აცრაზე და ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით,- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო „კოვაქს“ პლატფორმის მეშვეობით, საქართველომ პირველი შესაძლებლობისთანავე გააკეთა განაცხადი ავტორიზებული ვაქცინის 20%-იანი ზღვრული ოდენობის შეძენასთან დაკავშირებით.

„საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შექმნილია ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ასევე სახალხო დამცველი და 80-ზე მეტი ექსპერტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტექნიკურადაც ვართ მზად ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან, ყველა მომწოდებელთან, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ვაქცინის პირველი დოზები, რათა ეს პროცესი შეუფერხებლად გავიაროთ და ვაქცინაციის დასრულების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

ეს არის დამატებითი მოთხოვნა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან და ასევე საერთაშორისო პრაქტიკაა. რადგან ძალიან მოკლე დროში შემუშავდა ვაქცინები, მწარმოებლებმა ითხოვეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული იყოს პასუხისმგებლობა, ან ხარჯების ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის გართულება ექნება მოქალაქეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ არის ერთეული შემთხვევები, რასაც სამედიცინო სივრცეში აკვირდებიან. ამ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ასეთი მოხდა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოც იღებს პასუხისმგებლობას და მთავრობა აანაზღაურებს ნებისმიერი მკურნალობის ხარჯებს. დიდი მადლობა პარლამენტს, რომელსაც საგანგებო სესიის ფარგლებში მოუხდა ამ საკითხის ოპერატიულად განხილვა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე საკანონმდებლო და ასევე ტექნიკური თვალსაზრისით მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები