გიგა ბოკერია: საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელთაც მანდატებზე უარი აქვთ ნათქვამი, რათა სურათი ყოფილიყო მკაფიო და ცხადი
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციის საერთო განცხადებას გამოეხმაურა.
ბოკერიას განმარტებით, ბოლო დროს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა აქტიურად ცდილობდა იმის წარმოჩენას, რომ ოპოზიციურ სპექტრში განხეთქილებაა.
„ამ განცხადების შინაარსი და გზავნილი მარტივია, რომ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და რაღაც მეტნაკლებად წარმატებული პროპაგანდა იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან განსაკუთრებით, რომ რაიმე შეიცვალა არსებითად, აირია, რაღაცა დიდი განხეთქილებაა ოპოზიციის რიგებში, ამ სპექტრში და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქვეყანაში უდიდესი ნაწილის პოზიცია არის ძალიან მყარი, ამ შემთხვევაში კი ფორმალურად, ამ მანიპულირებული ციფრებითაც კი ვინც გადალახა ბარიერი და რომელთა მიმართაც ასეთი მოლოდინის შექმნის მცდელობა იყო, რომ ახლა მოგიხსნით მანდატებს ან არ მოგიხსნით და მედიაში იქმნებოდა არარეალისტური სურათი, ამის მცდელობა იყო ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის მხრიდან და, ამიტომ, საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელთაც მანდატებზე აქვთ ნათქვამი უარი, რომელთა დაკავშირებითაც ამდენი სპეკულაცია იყო. ამრიგად, ეს განცხადება უფრო მკაფიოსა და ცხადს ხდის ამ სურათს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას” მიმართეს, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა“.