მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას გრძნობს
“ქართველი ხალხი გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას გრძნობს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება, თანამშრომლობა წარიმართოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები და, განსაკუთრებით, გერმანიის წარმომადგენელთან ჩვენი ქვეყნისთვის. კომიტეტი გეგმავს თანამშრომლობას გერმანიის სახელმწიფოსთან და ამ თვალსაზრისით მთავარი პარტნიორი იქნება მისი აღმატებულება ელჩი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდება ეს თანამშრომლობა. რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, შეხვედრაზე გამოხატულ იქნა მადლიერება ჩვენი მხრიდან გერმანიის სახელმწიფოს მიმართ და გერმანელი ხალხის მიმართ იმ უზარმაზარი დახმარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს გერმანელი ხალხისგან. ეს თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი საწინდარი იმისა, რომ საქართველომ შეძლოს იმ სანუკვარი მიზნის მიღწევა, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა ჰქვია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.