„ჭეშმარიტი ინტელიგენტის ცხოვრებით ცხოვრობდა“ – 24 იანვარი გივი გეგეჭკორის დაბადების დღეა

24 იანვარი პოეტ გივი გგეგჭკორის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტი დავით ჭელიძე მამის, ვახტანგ ჭელიძის წერილს აქვეყნებს ფეისბუქის გვერდზე.
„88 წლისა  შესრულდებოდა ძალიან საყვარელი ადამიანი, შესანიშნავი პოეტი და მთარგმნელი, ბატონი გივი გეგეჭკორი. ნათელში იყოს“! – წერს დავით ჭელიძე.

ჩვენი საყვარელი გივი

ცნობილი ქართველი მწერლის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, შესანიშნავი პოეტისა და პიროვნების, გივი გეგეჭკორის სახელი მუდამ ძვირფასი და ახლობელი იქნება ჩვენთვის. დღეს უფრო ძალუმად ვგრძნობთ მისი კეთილი სულის სითბოსა და სიახლოვეს… მისი წიგნები გადმოვიღე და კიდევ ერთხელ წავიკითხე ლექსები, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარდა… ეს ლექსებიც ავტორსა ჰგავს – მასავით კეთილი, უხმაურო და ღრმა ფიქრების აღმძვრელია… აგერ, თუნდაც საოცარი „დილის ათი საათი“ და „საღამოს ათი საათი“, „ვენური სკამი“, „რკონი“, „მეცხრამეტე საუკუნის პოეტები“, ღირსეულად შეკავებული სიმკაცრით დაწერილი „ფეოდალი“, მეგობრებისადმი მიძღვნილი ლექსები, ლექსები შვილზე, შვილიშვილზე, დედაზე, მამაზე… და თითქმის ყველა ლექსში ხედავ მისი ცხოვრების განუყრელ მეგობარსა და მეუღლეს, რომელიც რაღაც არათანამედროვე მოწიწებითა და სინაზით უყვარდა გივის; საგულისხმოა, რომ ბოლოდროინდელ ლექსებშიაც იმგვარადვე იგრძნობა ის საოცარი სიფაქიზე, რითაც პირველ ლექსს უძღვნიდა საყვარელ ადამიანს…
ჭეშმარიტი ინტელიგენტის ცხოვრებით ცხოვრობდა – პატიოსნებით, სამშობლოს, მშობლიური ლიტერატურისა და ხელოვნების ჩუმი, უხმაურო სიყვარულით, მოყვასის თანაგრძნობით… უყვარდა მუსიკა, მხატვრობა, და რამდენიმე ესე სწორედ დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედებას მიუძღვნა… თარგმნიდა თავისი საყვარელი ფრანგული პოეზიის შედევრებს – როსარს, მიუსეს, გოტიეს, რემბოს, ბოდლერს, ვერლენს, მალარმეს, აპოლინერს… განუწყვეტელი თავისტკივილის მიუხედავად, რაც ახალგაზრდობიდანვე არ ასვენებდა, მუდამ წიგნი ეჭირა ხელში. კლასიკური ლიტერატურა ხომ შესანიშნავად იცოდა, და არ გამორჩებოდა ახლად გამოჩენილი უცხოელი მწერალიც; ჩამოუვლიდა ხოლმე წიგნის მაღაზიებს, და თავისი მწირი ხელფასით უსათუოდ იყიდდა დღეს ჩვენთვის უკვე საკმაოზე მეტად ძვირ ახალ წიგნს…
ბოლომდე ისეთივე დარჩა, როგორიც პირველად ვნახე – მშვიდი, ჩუმი, უხმაურო, მოკრძალებული, პატიოსანი და კეთილი, კეთილმოსურნე…
ვათვალიერებ ძველ ფოტოსურათებს და ცოცხლად წარმომიდგება ჩვენი პირველი შეხვედრა. მაშინ თითქმის ბავშვი იყო. და საოცარია – ამ აწეწილ დროში ბოლომდე შეინარჩუნა ბავშვური უშუალობა და სისპეტაკე.
პირნათელი და ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან: თავის მეტად საინტერესო შემოქმედებასთან ერთად შესანიშნავი ოჯახი დატოვა…
ბოლო ხანებში ვეღარა ვხვდებოდი, მხოლოდ ტელეფონით ველაპარაკებოდი. და როცა ტელეფონის მილს აიღებდა და ხმას გაგცემდა, პატარა კაცის ტიტინს გაიგონებდი, რომელიც, ეტყობოდა, ყურმილისაკენ მიიწევდა, რათა პირველი დაგლაპარაკებოდა და გაეგო, ქვეყნად რა ხდებოდა. ალბათ, ამ დროს ბავშვური ეჭვიც მოერეოდა, საყვარელი ბაბუას ყურადღება სხვამ არავინ გაინაწილოსო. ლაპარაკს აღარ მაცლის, ხელში მწვდებაო, სიცილით მეტყოდა გივი. როცა ჰკითხავდა, ვინა ხარო, ამაყად გიპასუხებდა – მე ლუკა ვარო, და ახლა აქეთ გკითხავდა, შენ ვიღა ხარო. მაშინ ორიოდე წლისა იყო ლუკა, გივის ბოლო დიდი სიყვარული…
და სწორედ ირაკლისა და ლუკას სიყვარულმა უნდა გადაატანინოს დიდი მწუხარება ქალბატონ ლიას, რომელსაც ეს ორმოცი დღე თვალზე ცრემლი არ შეშრობია.
მაგონდება გივის ერთ-ერთი პირვანდელი ლექსი, 1957 წლით დათარიღებული: „სუნთქვით გაგითბობ გათოშილ თითებს და საალერსოს გიხმობ სახელებს, ძვირფასო, ნუღარ იტირებ კიდევ, გამხდარი მხრები გიცახცახებენ“…

ვახტანგ ჭელიძე
2000 წ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები