მსოფლიოში კოვიდ-შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, ქვეყნები ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ექსპერტ-მრჩევლების თქმით, კოვიდრეგულაციების ერთიან შემსუბუქებას შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოყვეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტ-მრჩევლების თქმით, ბარ-რესტორნები დახურული უნდა იყოს 1 მაისამდე. მათივე თქმით, კოვიდ რეგულაციების ერთიან შემსუბუქებას შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოყვეს ვირუსის გავრცელების მიმართულებით. ექსპერტების ჯგუფს ლოქდაუნის შემსუბუქებასა და რეგულაციების მოხსნას უნდა ჰქონდეს ეტაპობრივი სახე და წინასწარ იყოს გათვლილი ყველა შესაძლო სცენარი. აპრილის ბოლოს ერთიანმა შემსუბუქებამ კი, შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ ერთი, დიდი ეპი აფეთქება. „როდესაც ჩვენ განვიხილავდით კოვიდრეგულაციების შემსუბუქების საკითხს, შევჯერდით, რომ მაისამდე შემსუბუქებამ შესაძლოა ვირუსის რეპროდუქციულობის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვიოს – გაიზრდება ვირუსის გავრცელების დონე, მოიმატებს დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე და მივიღებთ მესამე ტალღას ქვეყანაში“ – აცხადებენ მთავრობის ექსპერტ-მრჩევლები.

2020 წელს, სტუმარმასპინძლობის სექტორში, 640 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა – 2020 წლის მანძილზე, 10 ათასამდე ლიცენზირებულმა ბარ-რესტორანმა შეწყვიტა ფუნქციონირება, გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიის პირობებში, სტუმარმასპინძლობის სექტორი ფაქტიურად გაჩერებულია. ანგარიშის მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფმა, 2020 წელს, მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად, სტუმარმასპინძლობის სექტორში დაიკარგა 640 ათასი სამუშაო ადგილი. ასევე, იმავე კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ დღეს მოქმედი ლოქდაუნის პირობებში, როდესაც ინფექციის გავრცელება ჯერ კიდევ მაღალია და უცნობია, რეგულაციების შემსუბუქების დრო, დახურვის საფრთხის ქვეშაა კიდევ არაერთი ბიზნესი და სამუშაო ადგილი.

დიდ ბრიტანეთში, საცალო ვაჭრობის სფეროში, 2020 წელი იყო ყველაზე მძიმე და დაბალშემოსავლიანი წელი. მდგომარეობა კვლავ რთულია, გამომდინარე იქედან, რომ არაძირითადი მოხმარების მაღაზიები, თითქმის მთელი წლის განმავლობაში იყო დაკეტილი. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის 2020 წელი იყო გამორჩეულად მძიმე, 25%-იანი შემცირების ფონზე. თუმცა, არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლოქდაუნის რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნის პირობებში, როდესაც გაიხსენება არაძირითადი მოხმარების მაღაზიები, მაღალი იქნება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების რაოდენობა, ადამიანები თავისუფლად ივლიან მაღაზიებში და შესაბამისად, გაყიდვები გაიზრდება.

გაერთიანებული სამეფოში შეზღუდვებზე კონტროლი და ჯარიმები მკაცრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირიდან, კერძო წვეულებებზე 15 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში, ყველა დამსწრე პირი 800 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება. ხოლო, ის პირები, ვინც 30 ადამიანზე მეტის შეკრების ორგანიზებას მოახდენენ, 10 000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან; უელსში გართულებული ეპიდვითარების გამო, საავადმყოფოებში გეგმიურ ქირურგიულ ჩარევებზე მომლოდინეთა სია კორონავირუსის დაწყებამდე არსებულ სიებს რვაჯერ აღემატება. აღნიშნული პრობლემა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის შედეგად გეგმიური ოპერაციების გადადებას უკავშირდება.

უელსის მთავრობა „ლოქდაუნის“ გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შესაძლებელია არსებული შეზღუდვები 4 აპრილამდე გახანგრძლივდეს. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის ეფექტურობასა და სისწრაფეზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული; ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში „ლოქდაუნი“ 5 მარტამდე გაგრძელდება.

ლონდონში, პოლიციამ დაშალა 400 კაციანი ქორწილი, რომელიც მიმდინარეობდა კოვიდ რეგულაციების მკაცრი დარღვევით. ქორწილი მიმდინარეობდა ერთ-ერთი სკოლის შენობაში და ფანჯრები იყო დაფარული, რათა შენობის გარედან შეუძლებელი ყოფილიყო თავყრილობის დანახვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავისი პირველი სამუშაო დღე მიუძღვნა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობას. მისი გადაწყვეტილებები კი ძირითადად ეხებოდა კოვიდტესტირებების რაოდენობის გაზრდას, ვაქცინის დოზების მარაგების შევსება და პირბადის ტარების გაზრდას. ბაიდენის შეფასებით, ვაქცინის განაწილების პროცესი, დღევანდელი მონაცემებით, განიცდის სერიოზულ მარცხს და პირობა დადო, რომ მომდევნო კვირებში პროცესები უკეთესობისკენ შეიცვლება. ასევე, ახალმა პრეზიდენტმა მოუწოდა საზოგადოებას, ატარონ პირბადეები და დასძინა, რომ ექსპერტების შეფასებით, მომდევნო 99 დღის განმავლობაში 50 ათასი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი, თუ პირბადეებს ადამიანები აქტიურად გამოიყენებენ.

Kaiser Family Foundation (KFF)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 10 ამერიკელიდან 6-ს წარმოდგენა არ აქვს, სად უნდა აიცრას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს კვლევა ემთხვევა ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში, ფაქტიურად ნულიდან უნდა გაიწეროს ვაქცინის განაწილების გეგმა. „ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა. ამერიკელების უმეტესობას, მათ შორის, ვინც მიეკუთვნება ე.წ. რისკ-ჯგუფებს, არ აქვს წარმოდგენა თუ როდის და სად უნდა აიცრას“- ა ცხადებს KFF-ის პრეზიდენტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაბრკოლებებისა და შეფერხებების მიუხედავად, გამოკითხულთა 2/3-ი პოზიტიურადაა განწყობილი ვაქცინაციის პროგრამის მიმართ.

გასულ 24 საათში აშშ-ში აშშ-ში კორონავირუსის 186 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 655 ადამიანი გარდაიცვალა

22 იანვრის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 44 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია. ამჟამად, ჰოსპიტალური სექტორი, პანდემიის მეორე ტალღის პერიოდთან შედარებით, უფრო გადატვირთულია. ყოველი ხუთი საწოლიდან ერთი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ეთმობა, რაც გეგმიური ოპერაციების გაუქმებასაც კი იწვევს. ეპიდემიოლოგები მ/წ მარტის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრიტანული“ შტამის უფრო მეტად გავრცელებაზე საუბრობენ. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ესპანეთი შესაძლოა სრულ „ლოქდაუნამდე“ მიიყვანოს.

25 იანვრიდან მადრიდში და ბასკეთში ახალი შეზღუდვები დაწესდება. მადრიდში კომენდანტი საათი 22:00 საათზე დაიწყება, ყველა კომერციული სივრცე კი 21:00 საათზე დაიხურება. საოჯახო შეკრებებზეც რეგულაციები წესდება. შეზღუდვები მადრიდში 2 კვირის მანძილზე იმოქმედებს. ბასკეთის ავტონომიურ გაერთიანებაში, 252 მუნიციპალიტეტი დაიხურება. შეკრებაზე 4 კაციანი შეზღუდვა წესდება. საკვები ობიექტები 20:00 საათზე დაიხურება. რეგიონში შეზღუდვები 20 დღის მანძილზე იმოქმედებს.

პორტუგალიაში კორონავირუსის ე.წ. „ბრიტანული შტამის“ სწრაფად გავრცელების გამო, ქვეყნის პრემიერმინისტრის, ანტონიო კოსტას გადაწყვეტილებით, ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა მ/წ 23 იანვრიდან დროებით შეჩერდება.

დანიამ დუბაიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მომავალი თვითმფრინავების მიღება მ/წ 22 იანვრიდან 5 დღის მანძილზე შეაჩერა. ამის მიზეზად დუბაიში კორონავირუსის ტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.

ჩეხეთის პარლამენტმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის ინიციატივა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მ/წ 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე ზედიზედ მეხუთედ გაგრძელდა.

ჰონგ-კონგში პანდემიის განმავლობაში პირველად ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება. კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული ნაწილობრივი ლოკდაუნი დაახლოებით 10,000-მდე მცხოვრებელს შეეხება.

22 იანვარს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 21 513 და გარდაცვალების 580 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები