27 ორსულობა და 69 შვილი – ფანტასტიკა თუ რეალობა

ფოტო პირობითია

ერთი ბავშვის მუცლად ყოფნა და შემდეგ მშობიარობა მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა, ისტორიული დოკუმენტები მოწმობენ, რომ ერთმა ქალმა 69 ბავშვი გააჩინა. სიმართლეა ეს თუ არა?

XVIII საუკუნეში ყვითელი პრესა რომ ყოფილიყო, რუსი გლეხის, ფიოდორ ვასილიევის ოჯახის ისტორია დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა.

ითვლება, რომ ვასილიევის პირველ ცოლს, რომლის სახელიც ისტორიამ, როგორც ჩანს, არ შემოინახა, მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული გაჩენილი შვილების რაოდენობით. შეტყობინების თანახმად, რომელიც მოსკოვში, ნიკოლსკის მონასტერში გაიგზავნა, ვასილიევამ 1725-1765 წლებში 16 ტყუპი გააჩინა, შემდეგ 7-ჯერ 3 (ტრიპლეტი) და ოთხჯერ 4 (კვადრუპლეტი). შესაბამისად, მან 27-ჯერ იმშობიარა, ჯამურად, 69 ბავშვი დაბადა.

შესაძლებელია თუ არა ამდენი შვილის გაჩენა?

„ეს რაღაც ფანტასტიკის სფეროდანაა. წარმოიდგინეთ, 69 ბავშვი? ვითომ?“, – ამბობს ჯეიმს სეგარსი, ჰოპკინსის უნივერსიტეტის რეპროდუქციისა და ქალთა ჯანმრთელობის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი.

ამ საკითხით  BBC Future-ის კორესპონდენტი, ადამ ჰადჰაზი დაინტერესდა და გადაწყვიტა, უფრო ჩაძიებოდა ამ გასაოცარ მტკიცებულებას და კონსულტაციისთვის რეპროდუქციის ექსპერტებს მიმართა. მისი ამოცანა იყო, გაერკვია, თუ სადამდე მიდის ქალის ფიზიკური შეზღუდვები ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით. მან გამოძიებისას აღმოაჩინა, რომ თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები საკმაოდ შორს წასულა და ქალს თეორიულად გაცილებით მეტი შვილის გაჩენა შეუძლია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია.

„დასაწყისისთვის, მოდით, გავერკვეთ ვასილიევას ისტორიის მათემატიკურ მხარეში. შესაძლებელია თუ არა 27 ორსულობა 40 წლის მანძილზე? ერთი შეხედვით, ეს სავსებით შესაძლებელია, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყუპები, ძირითადად, ნაადრევად იბადებიან და რაც უფრო მეტი ტყუპისცალია, მით უფრო ხანმოკლეა ორსულობა. გამოდის, რომ ვასილიევა 40-დან, დაახლოებით, 18 წლის განმავლობაში ორსულად იყო”, – ამბობს ჰადჰაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები