მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს მიაღწია, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 100 404 პაციენტი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს მიაღწია, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 100 404 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 70 მილიონს გადააჭარბა.

კოვიდ 19-ის  სტატისტიკაზე საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილებულია ვაქცინაციის პროცესზე და ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი COVAX პლატფორმაში ჩართვის მზაობას გამოთქვამს.

„ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე აცნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO), რომ აშშ მზადაა, ჩაერთოს COVAX პლატფორმაში და მონაწილეობა მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილების პროცესში, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს ვაქცინაციის თანაბარი შესაძლებლობები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია აშშ-ში, რამდენიმე შტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ აღარ აქვთ ვაქცინის საჭირო მარაგები და ათი ათასობით ადამიანი, რომელმაც მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, არის მეორე დოზის მოლოდინში. მიზეზი მოთხოვნა-მიწოდების ამ დისბალანსისა გაუგებარი იყო მანამ, სანამ ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შტატებს არარეალური მოლოდინები ჰქონდათ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით.

CDC-ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებითთ, ქვეყანაში კვლავ მაღალი იქნება გარდაცვალების მაჩვენებელი და თვეზე ნაკლებ დროში ეპიდემიას კიდევ 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლება.

გასულ დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის 189 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 955 ადამიანი გარდაიცვალა“, – წერს უცხოური მედია.

მათი თქმით, Pfizer -ის ვაქცინა ეფექტურია კოვიდის ახალაღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ და გამოიმუშავებს უფრო მყარ იმუნიტეტს, ვიდრე ეს კოვიდის გადატანის შემთხვევაშია.

„20 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, BioNTech-Pfizer-ის შემქნელებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ვაქცინა დაიცავს ადამიანებს კოვიდის ახალი შტამებისგან, მათ შორის, ე.წ. ბრიტალური შტამისგან. ასევე, იგივე კვლევები მიმდინარეობს Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქცინებზე და შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც აღმოაჩინეს დეკემბერში, უკვე გავრცელებულია მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში.

ასევე, ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის კვლევის შედეგების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზით აცრილ ადამიანებს სისხლში ანტისხეულების მნიშვნელოვნად მაღალი რაოდენობა აქვთ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის ინფექციის მძიმე ფორმა გადატანეს; იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს Pfizer ვაქცინის მეორე დოზა, 12-ჯერ გაეზარდათ ანტისხეულების რაოდენობა, რომლებიც წარმოიქმნება ახალი კორონავირუსისგან დასაცავად,-წერს უცხოური მედია.

ასევე, საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ საფრანგეთში სათხილამურო კურორტები აღარ იხსნება.

„20 იანვარს საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, სათხილამურო კურორტები 1 -ელ თებერვალს აღარ გაიხსნება, ზამთრის კურორტებზე კვლავ არ იმუშავებს საბაგიროები. ტურიზმის მინისტრის განცხადებით, მოლოდინები იმის შესახებ, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყებოდა თებერვლის მეორე ნახევრიდან, ამ ეტაპზე, არარეალურია. საფრანგეთში ამჟამად მოქმედებს „ლოკდაუნი“. საფრანგეთში აცხადებენ, რომ პანდემიით ყველაზე მეტად სწორედ ეს ტურისტული რეგიონი დაზარალდა, ამდენად, შეზღუდვების მოხსნა არ იქნება გამართლებული“,-წერს უცხოური მედია.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე.

მათი თქმით, გერმანიის კანცლერის განცხადებით, აუცილებელია, რომ გერმანიამ ძალიან სერიოზულად მიიღოს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება.

„ვირუსის მუტაცია არის იმაზე უფრო საშიში, ვიდრე ეს გასულ წელს გვეგონა, რაც თავისთავად უფრო ართულებს პანდემიის კონტროლის პროცესს. მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ეს გამოწვევა მიიღონ სერიოზულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება კოვიდის მესამე ტალღის თავიდან აცილება“, – განაცხადა მერკელმა.

ამასთან, მან ისაუბრა ინფიცირების რაოდენობისა და ჰოსპიტალიზების შემცირების საიმედო ტენდენციაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც გახდა კოვიდ რეგულაციების გამკაცრების ძირითადი მიზეზი.

უცხოური მედიის თქმით, მეცნიერების აზრით, „ლოკდაუნისა“ და მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირდეს.

„6-15 იანვარს ჩატარდა კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 142 ათასი მოხალისე და აღმოჩნდა, რომ, დეკემბრის მონაცემთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელი 50%-ით იყო გაზრდილი – ქვეყანაში ყოველი 63 ადამიანიდან, 1 ინფიცირებულია. „პრევალენტურობა ძალიან, ძალიან მაღალია, წინ კვლევასთან შედარებით, რისი ძირითადი მიზეზიცაა დეკემბრის თვეში აღმოჩენილი კოვიდის ახალი შტამი. ვირუსის რეპროდუქციულობის მაჩვენებელი (R) არის 1 და ჯერჯერობით არ მცირდება“ – ვკითხულობთ კვლევის დასკვნაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სანამ არ დაიწევს ინფიცირების მაჩვენებელი, განუზომლად დიდი იქნება დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე და შესაბამისად, მაღალი იქნება გარდაცვალების მაჩვენებელიც. უელსის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი კვლავ გადატვირთვის პირასაა, აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ზომები შემსუბუქდეს.

გაერთიანებული სამეფოს განათლების მინისტრმა, გავინ უილიამსონმა განაცხადა, რომ მოსწავლეების სკოლებში დაბრუნების საკითხი, მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რთულია იმის თქმა, თუ როდის გახდება ეს შესაძლებელი“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, საუბარია ჩრდილოეთ ირლანდიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე.

„ჩრდილოეთ ორლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კოვიდ შეზღუდვები 5 მარტამდე გახანგრძლივდა. ოფიციალური ინფორმაციით, კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება განხილული 18 თებერვლამდე. ასევე, 21 იანვარს, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა, განაცხადა იმის შესახებ, რომ სახლებში ორგანიზებული წვეულებების მონაწილეები, რომელთა რაოდენობა 14-ს აღემატება, დაჯარიმდებიან 800 ფუნტით.

21 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსის 13 544 შემთხვევა და გარდაცვალების 221 ფაქტი გამოვლინდა. ჰოსპიტალური სექტორი კრიზისის გამკლავებას ცდილობს, ხელისუფლება კი უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

პორტუგალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდ რეგულაციების გამკაცრების თაობაზე – მინიმუმ 15 დღით იხურება სკოლები და უნივერსიტეტები. განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერმა და დასძინა, რომ გამონაკლისები იქნებიან მხოლოდ 12 წლამდე ასაკის მოსწავლეები ან მოზარდები, რომელთა მშობლებიც ძირითადი მომსახურების მიმართულებებით არიან დასაქმებულები. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ე.წ. ბრიტანული შტამის მაღალი გავრცელების გამო. პრემიერის განცხადებით, ის შიშობს, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე, შესაძლოა ბრიტანული შტამის ამჟამინდელი 30%-იანი გავრცელება გაორმაგდეს.

21 იანვარს ქვეყნის მთავრობამ ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოქმედება განუსაზღვრელი ვადით გააგრძელა. ე.წ. კომენდანტის საათი (21:00-05:00 საათებში) და სხვა შეზღუდვები ძალაში დარჩა.

ნიდერლანდების მთავრობის მიერ წარდგენილი ე.წ.  კომენდანტის საათს ქვეყნის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს, თუმცა, სამთავრობო კოალიციამ, ხმათა უმრავლესობით, კანონპროექტი მაინც მიიღო. 23 იანვრიდან შევა ძალაში და 21:00 საათიდან 04:30 საათამდე იმოქმედებს.

ავსტრიაში ვაქცინაციის პროცესში არსებულ დღის წესრიგს, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები არ ემორჩილებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცთა თავშესაფრისთვის განკუთვნილი ვაქცინით სულ მცირე ერთი ქალაქის მერი აიცრა.

21 იანვარს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 21 887 და გარდაცვალების 612 ფაქტი გამოვლინდა. დღე-ღამეში, 600 შემთხვევაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა წლევანდელი ანტირეკორდია“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები