„უკვე დამტკიცებულია, რომ მინიმუმ 160-მდე ადამიანი ცხინვალის ე.წ. შს სამინისტროს სარდაფში იმყოფებოდა, მათ აწამებდნენ“ – ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრობს

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაწყისია იმისათვის, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი, რათა რუსეთთან დეოკუპაციაზე საუბარი უფრო რეალური იყოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„ეს არის ფაქტობრივი დოკუმენტი იმისა, თუ რა მოხდა 2008 წლის ომში. ამ დოკუმენტით საქართველოს მიეცა ძალიან კარგი მექანიზმი და ბერკეტი იმისათვის, რომ შემდგომში თავისი სიმართლე უფრო მყარად დაამტკიცოს ისევ და ისევ საერთაშორისო სამართლის პრიციპებით. ეს არის ერთი კარგი დასაწყისი. შემდგომში კვლავ იქნება სხვადასხვა სიტუაცია, სადაც მოგვიწევს, ამ ომთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები გავამყაროთ.

ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ჩვენ ფაქტობრივი დოკუმენტაცია გვქოდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დიახ, სწორედ რუსეთმა განახორციელა ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევა, დამტკიცებულია უკვე, რომ მინიმუმ 160-მდე ადამიანი ცხინვალის ე.წ. შს სამინისტროს სარდაფში იმყოფებოდა, მათ აწამებდნენ. მოხდა სამხედროების, სამოქალაქო პირების წამება და ა.შ. გარდა ამისა, გუშინ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა: ისქანდერის რაკეტაზე იყო საკმაოდ სერიოზული დავა. მოგეხსენებათ, რუსეთმა გორში ამ ტიპის რაკეტა ჩამოაგდო. ქართული მხრიდან როცა იყო დავა იმის თაობზე, რომ ეს ნამდვილად „ისქანდერის“ ტიპის რაკეტა იყო, რუსული მხარე, ფაქტობრივად, იცინოდა და ათას სისულელეს გვაბრალებდა – რომ ეს „ფოტოშოპით“ იყო გაკეთებული და ა.შ. სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკელების დახმარებით მოხდა რეალურად ამ სურათის წარმოჩენა და დამტკიცება, რაც ასევე სერიოზული დარტყმა იყო რუსეთისათვის.

ამ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი იმის თაობაზე, რომ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა ქართული ტოპონიმები, ქართული სოფლები. ეს დოკუმენტი ძალიან წინ გადადგნული ნაბიჯია. წარმოვიდგინოთ, რამხელა შვება შეიძლება, იყოს იმ ადამიანებისათვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იქნენ აყრილები თავიანთი ფუძეებიდან, დაკარგეს სახლი, ყველაფერი. შესაძლოა, მათ გარკვეული სახის კომპენსაცია მიიღონ.
შეიძლება ითქვას, ეს დასაწყისია იმისათვის, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი, რათა რუსეთთან დეოკუპაციაზე საუბარი უფრო რეალური იყოს. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერა იყოს, რომელიც უკვე გამაგრებულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
„სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისა და სხვა არაერთი დარღვევისათვის“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები