თეა წულუკიანი: მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA”-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ასევე მტკიცებულებები შეაგროვა თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენი მტკიცებულებების მოპოვებაში დიდი იყო მედიის როლი, იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად 2008 წლის ომის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად იყო გამოყენებული.

მისივე თქმით, მტკიცებულებებად გამოყენებული იყო, ასევე, იმ 33 მოწმის ჩვენებები, რომლებიც ქართული სოფლებიდან ჩავიდა სტრასბურგში, შვილმკვდარი დედები, ბაბუები, ბებიები, ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ომის მოწმეებად დადგნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესის სადარაჯოზე.

ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ერთი კონკრეტული მტკიცებულების დაბრუნების საქმეში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა და ამ მტკიცებულების მოკვლევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების დიდი როლია.

„ამერიკული მხარე დაგვეხმარა ერთი კონკრეტული მტკიცებულების საქართველოში დაბრუნების საქმეში. საუბარია 12 აგვისტოს გორში ჩამოვარდნილ რუსულ ისკანდერზე. რა თქმა უნდა, არსებობდა ვიდეო და ფოტომასალა, რომ ამგვარი იარაღი რუსეთის მიერ გორში იქნა გამოყენებული, მაგრამ სტრასბურგში რომ ჩავდიოდით სხდომებზე, რუსეთის წარმომადგენელი სამხედრო პირები ცინიკურად მოგვიგებდნენ ხოლმე, რომ ეს ფოტოშოფი და დამონტაჟებული მასალაა, ვინაიდან ჩვენ თვითონ ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც, რა თქმა უნდა, აფეთქდა, არ გვქონდა და არც ვიცოდით სად იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში მოცემული ისკანდერი გატანილი იქნა ქვეყნიდან, ისე რომ ამის დოკუმენტური კვალი არ არსებობდა. შესაბამისად, მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით მიგვეკვლია, თუ სად არის. ამის მიკვლევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების როლი არის დიდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი პირველი ნაწილები, რომლებიც აღმოვაჩინეთ საქართველოში, ერთ-ერთ მიტოვებულ საწყობში.

შემდეგ გავყევით კვალს და როდესაც უკვე დავადგინეთ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო თვითონ ჭურვის ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, 2018 წელს, 800 კილო ტვირთი დავაბრუნეთ საქართველოში. შესაბამისად, ამ ერთი მტკიცებულების მოპოვებაში მადლობა ეკუთვნის აშშ-ს, ჩვენს ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს. დანარჩენი მტკიცებულების მოპოვებაში მედიის როლი იყო დიდი, იმ ადამიანების, რომლებიც 2008 წლის ომის მოვლენებს საკუთარი სიცოცხლის ფასად აშუქებდნენ და ჩვენ ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად გვქონდა გამოყენებული. ასევე, ის 33 მოწმე, რომლებიც ქართული სოფლებიდან ჩავიდა სტრასბურგში, შვილმკვდარი დედები, ბაბუები, ბებიები, ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ომის მოწმეებად დადგნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესის სადარაჯოზე, რა თქმა უნდა მათი ჩვენებები იყო მტკიცებულებები. ასევე მტკიცებულებები შეაგროვა ჩვენთან ერთად თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ, რომელიც აგვისტოს ომის საქმეს თავის დროზე იძიებდა და, რა თქმა უნდა, მათ დროს იყო შექმნილი საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ დღეს დადგა გამარჯვება და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ჩვენ შევიძინეთ ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, იარაღი, რომელიც ბევრ ისკანდერზე უფრო ძლიერია და რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ჰქვია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები