იუსტიციის სამინისტრო: საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ქართველი სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს
“საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს ქართველი სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის”, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის (კონვენციის მე-5 მუხლი).
,,სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთის სამხედრო ძალებისა და მათ მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების ძალების მხრიდან სამოქალაქო პირების უკანონოდ დაკავებამ, წამების აკრძალვის მუხლის დარღვევასთან ერთად, დაარღვია, აგრეთვე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს ქართველი სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.