ტრამპმა ბაიდენს წერილი დაუტოვა – აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა შინაარსზე ისაუბრა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისმა წინამორბედმა – დონალდ ტრამპმა მას “დიდსულოვანი წერილი” დაუტოვა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პირველივე განკარგულებების ხელმოწერის შემდეგ, ბაიდენმა თქვა, რომ წერილის შინაარსზე არ ისაუბრებს ტრამპისადმი პატივისცემის ნიშნად.

“პრეზიდენტმა დიდსულოვანი წერილი დამიტოვა. გამომდინარე იქედან, რომ ის პირადია, ამაზე არ ვისაუბრებ, სანამ ტრამპს არ დავუკავშირდები”, – უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

CNN-თან საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა წერილი დაახასიათა, როგორც “პირადი”, რომელშიც ის ქვეყნის წარმატებაზე ლოცულობს და რომ ახალმა ადმინისტრაციამ ქვეყანაზე იზრუნოს.

აშშ-ში ახლადარჩეული პრეზიდენტებისთვის წერილის დატოვება ტრადიციაა. წინამორბედი მომდევნო ლიდერს წერილს ოვალურ კაბინეტში სამუშაო მაგიდის უჯრაში უტოვებს.

2017 წლის იანვარში ანალოგიური წერილი ტრამპს ბარაკ ობამამ დაუტოვა. ტრამპი იმდენად მოიხიბლა წერილის შინაარსით, რომ ინაუგურაციის დღესვე გადაწყვიტა ობამასთან დარეკვა, თუმცა, ობამა იმ დროს პალმ-სპრიგნსში მიფრინავდა და ტრამპის ზარს ვერ უპასუხა.

მოგვიანებით, ობამას ერთ-ერთმა თანაშემწემ დარეკა თეთრ სახლში, სადაც უთხრეს, რომ პრეზიდენტს წერილისთვის მადლობის გადახდა უნდოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები