მიხეილ სარჯველაძე: გამოვრიცხავ, რომ ადმინისტრაციამ ციხეებში ომბუდსმენის საქმიანობას ხელი შეუშალოს – ბრალდებები უსაფუძვლოა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახალხო დამცველის განცხადება და ბრალდებები პენიტენციური სისტემის შესახებ უსაფუძვლოა.
„ვიცნობ რა, იუსტიციის სამინისტროს სისტემას, ჩემთვის ნათელია, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ყოველ შემთხვევაში, ამის რწმენა მაქვს და ვინაიდან სისტემა ვიცი, შემიძლია, კატეგორიულად გამოვრიცხო, რომ ეს არ არის სისტემური პრობლემა, რომელიც წახალისებულია ადმინისტრაციის მხრიდან.
პირიქით, გამოვრიცხავ, რომ ადმინისტრაციამ პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი შეუშალოს, ეს არის გამორიცხული. რაც შეეხება კონკრეტულ ინციდენტს, არ ვიცი, რამ განაპირობა სახალხო დამცველის მიმართ კონკრეტული მსჯავრდებულის უკმაყოფილება, ან კლების ტენდენცია რით არის განპირობებული, ეს საჭიროებს ყველას მხრიდან ანალიზს. სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა. ჩემთვის კითხვები არ არსებობს, თუ ვინმეს კითხვები აქვს, კარგი შესაძლებლობაა, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ფარდა აეხადოს იმ ბრალდებებს, რომელიც გაცხადდა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ არაერთი რეფორმა ჩატარდა და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.
„განცხადებას, რომ ამ მეთოდიკით იმართება, ვერ დავეთანხმები, რადგან თვისობრივი განსხვავებული მდგომარეობაა ამ ხელისუფლების პირობებში პენიტენციურ სისტემაში. სუბკულტურაზე განცხადება მცირედით მაინც საფუძვლიანი რომ იყოს, ამას ვერ შევძლებდით. ეს არის სრულიად უსუსური მცდელობა, რომ კონკრეტული ინციდენტი უსაფუძვლო ბრალდებებს დაუკავშირდეს. არ მესმის, რაში მდგომარეობს ხელის შეშლა მაშინ, როცა არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სახალხო დამცველს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება პანდემიის პირობებშიც ჰქონდა. თუ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებთ, ამის შეფასება, არც სიმართლის თქმა არავის გაგვიჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა.