ახალი რეგულაციების გამო, დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში რიგებია

უცხოური მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ამოქმედდა ახალი რეგულაციები ქვეყანაში შემსვლელთათვის, აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგები შეიქმნა.
ლონდონის აეროპორტის მგზავრების განცხადებით, მათ საათზე მეტხანს მოუწიათ ე.წ. პასპორტის კონტროლის ლოდინი. რიგები იყო ასევე აეროპორტში მოწყობილი კოვიდტესტირების ზონის გარეთაც. ცნობისათვის, შეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელთათვის დაწესდა 15 იანვრიდან, თუმცა, საავიაციო სფეროს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მინისტრებს, უზრუნველყონ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის მოსამზადებელი გეგმა.

18 იანვრის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 37 535 შემთხვევა დაფიქსირდა,  599 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ე.წ. ლოქდაუნი და სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, საზოგადოების ყველა წევრმა, რომელიც არღვევს რეგულაციებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მის ქმედებებს მოყვება შესაბამისი ზომები. „ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისევ მზარდია და ჩემი მთავარი მესიჯი არის „დარჩით სახლში“, დაემორჩილეთ კოვიდრეგულაციებს და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ იცავთ ამ წესებს, იცოდეთ, რომ დაჯარიმდებით. აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ატაროს პირბადე, დაიცვას სოციალური დისტანცია და ყველა კოვიდრეგულაცია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მდივანმა.
მისივე თქმით, სამედიცინო სფეროს თითოეული წარმომადგენელი არის გმირი, რადგან ისინი იბრძვიან ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად და პანდემიის შესაჩერებლად.

17 იანვარს ბირმინგემში დააჯარიმეს უკანონოდ შეკრებილი 49 ადამიანი კოვიდ რეგულაციების დაუმორჩილებლობისთვის. პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი მანქანებით და მათი დიდი ნაწილი არ იცავდა სოციალურ დისტანაციას. „მიუღებელია ადამიანების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევა მაშინ, როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სფერო ასეთი დიდი ზეწოლის ქვეშაა. ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ ადამიანებმა ზედმიწევნით დაიცვან რეგულაციები. კოვიდწესები არის ძალიან კონკრეტული და ადამიანების ეგოისტურ ქცევას არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება“, – წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, 16 იანვარს დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დააჯარიმა უკანონო წვეულების რვა მონაწილე, რომლებმაც განაცხადეს, რომ წვულების ორგანიზატორებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მსოფლიო პანდემიის შესახებ, რადგან ისინი ტელევიზორს არ უყურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები