ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ადმინისტრაციის პირველ დღეს გეგმავს. კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს.
აღნიშნული საიმიგრაციო პოლიტიკა ტრამპის მკაცრი პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდება კანონპროექტი ბაიდენს ლათინოამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კანონპროექტის წარდგენას ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს.
კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც, 2021 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობენ, ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურების გავლის, გადასახადების გადახდისა და სხვა მოთხოვნებს დაკმაყოფილების შემთხვევაში დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად ხუთი წელი დასჭირდებათ. ამის შემდეგ მათ, მოქალაქეობის უფლებების მინიჭებამდე, სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ქმედებებს ამერიკულ ფასეულობებზე „უმოწყალო თავდასხმას“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ ამ ზიანს აღმოფხვრიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები