გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგისთვის თოვლმავალი გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით – თოვლმავლით (ბურანი) განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზვავის წარმოქმნის მხრივ, მაღალი რისკის ერთ-ერთ ლოკაციას საქართველოს სამხედრო გზა წარმოადგენს.
,,გუდაური-კობის გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე ზვავსაშიშროების დროს გადაადგილება მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეუძლებელია. თოვლმავლის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ოპერატიულად შეაფასებენ არსებულ ვითარებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს სამხედრო გზის მომსახურებას ოპერატიულ რეჟიმში მუდმივად ახორციელებენ, რაც უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.