გია ვოლსკი: “ქართული ოცნების“ დაშლასა და დაპირისპირებებზე საუბარი ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ აქტივი მიჰყვება
“საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დაიშლება და ხელისუფლებაში დაპირისპირებები იქნება, ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება”, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ კითხვას: „პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და მოსალოდნელია თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა“.
ვოლსკის თქმით, ივანიშვილმა საკმაოდ მყარი გუნდი შექმნა საიმისოდ, რომ ცრუ ინფორმაციებს არ აჰყვნენ.
„საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დაიშლება და ხელისუფლებაში დაპირისპირებები იქნება, ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება. ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ფაქტორი მხოლოდ მის პიროვნებაში არ იყო, საწყისისთვის ასე იყო, როცა მის გარშემო პოლიტიკური ძალები შეიკრიბნენ, მაგრამ მას შემდეგ ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მოწყობის საერთო ამოცანები და ხედვები, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე. გამაერთიანებელი ფაქტორები თავად საქმეებია, რომელიც უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს. ბიძინა ივანიშვილმა ამისთვის საკმაოდ დიდი დრო დახარჯა. მართვის სისტემაში გარკვეული ხინჯებიც იყო, მაგრამ, საბოლოოდ, მართვის ისეთი ფორმატი მივიღეთ, სადაც არც პიროვნული დაპირისპირებებია და არც განსხვავებაა ხედვებს შორის. თუ რამე განსხვავება არსებობს, ეს კამათით წყდება, რასაც ხელს უწყობდა ბიძინა ივანიშვილი იმ სტრატეგიული გეგმით, რაც 2011 წელს ჰქონდა ჩამოყალიბებული, საკმაოდ მყარი გუნდი შექმნა იმისთვის, რომ არ ავყვეთ ცრუ ინფორმაციებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.