საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის შერჩევა მოხდება.

“აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა, მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება.

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონსალეს ლაიასთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან და მიგრაციის მინისტრთან, ხოსე ლუის ესკრივასთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები