“რუსულ ჰიბრიდულ ომს სტრასბურგის სასამართლომ ძლიერი დარტყმა მიაყენა” – უკრაინის იუსტიციის მინისტრი
უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალუსკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთი ყირიმს 2014 წლის 27 თებერვლამდე აკონტროლებდა და არა მარტის შემდეგ, როდესაც ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა.
მინისტრის შეფასებით, კიევმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ წარმოებული საქმეების შუალედური პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – ძლიერი იურიდიული დარტყმაა იმ მითზე, რომელსაც რუსეთი ჰიბრიდულ ომში იყენებს. ყირიმი არის შეიარაღებული აგრესიის ისტორია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და არა “რეფერენდუმი” და “ნების მშვიდობიანი გამოვლენა”, – დაწერა მან.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთი ყირიმზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვლიდან და არა ე.წ. რეფერენდუმის მომენტიდან, და ეს არგუმენტი მომავალში სასამართლო დავებში იქნება გამოყენებული.
“რუსეთი ავითარებს მითს ყირიმის “მშვიდობიან” და “კანონიერ” “მიერთებასთან” დაკავშირებით. მითი, პირველ ყოვლისა, შიდა მომხმარებელზეა გათვლილი. თუმცა, ამ აზრის გატანას საერთაშორისო ასპარეზზეც ცდილობენ”, – აღნიშნა მან.