BBC ე.წ. ლოქდაუნის პერიოდში ტელესკოლის რეჟიმზე გადადის

  1. BBC TV სასკოლო ასაკის ბავშვებს სწავლაში დაეხმარება ახლახან გამოცხადებული ე.წ. ლოქდაუნის პერიოდში, რისთვისაც ტელესკოლის რეჟიმზე გადაიყვანს ჰოლდინგის შემდეგ არხებს BBC Two და CBBC. იგივე მასალის განთავსება სატელევიზიო ჰოლდინგის ინტერნეტ პორტალზეც მოხდება და ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.
    გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სკოლების უმეტესობა დაიხურა, რადგან მთავრობამ გამკაცრებული ზომები დააწესა ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის დასამყარებლად.
    სატელევიზიო ჰოლდინგი BBC სასკოლო პროგრამის მიხედვით ორშაბათიდან დაიწყებს გაკვეთილების ტრანსლირებას.
    ეს გულისხმობს დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამიდან ყოველ სამუშაო დღეს სამ საათიანი ტელესკოლის ჩასმას CBBC არხის ბადეში, ხოლო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ ორი საათის განმავლობაში იმუშავებს BBC Two არხი ტელესკოლის რეჟიმში.
    გასული წლის გაზაფხულზე, პირველი ლოქდაუნის განმავლობაში გაკვეთილების ტრანსლირება ხდებოდა iPlayer პლატფორმით, red button და ონლაინ რეჟიმში, თუმცა ტრადიციულ სატელევიზიო არხებს ეს მოთხოვნა მაშინ არ ეხებოდათ.
    ამჯერად ცვლილება გამოიწვია დაბალშემოსავლიანი ოჯახების წუხილმა, რომლებსაც მაღალფასიანი ინტერნეტ პაკეტების შეძენა არ შეუძლიათ და შვილებისთვის ონლაინ სწავლების რეჟიმს ვერ გასწვდებიან ფინანსურად.
    პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივას აქებს და BBC სატელევიზიო ჰოლდინგის გეგმას ბრწყინვალე წამოწყებად მიიჩნევს. ეს მან გუშინ განაცხადა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ტიმ დეივი აცხადებს, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან განათლება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ის იქვე დასძენს, რომ BBC თავის როლს აუცილებლად შეასრულებს და უხარია, რომ ასე მალე შესძლო სამიზნე აუდიტორიისთვის ტელესკოლის შეთავაზება.
    დაწყებითი კლასების პროგრამები, რომლებიც CBBC არხით ყოველ დილით 09:00 საათზე დაიწყება, მოიცავს BBC Live გაკვეთილებს, BBC Bitesize Daily, ასევე Our School, Celebrity Supply Teacher, Horrible Histories, Operation Ouch.
    BBC Two არხი მოემსახურება საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ეროვნული გამოცდების სასწავლო პროგრამაზე იქნება დაფუძნებული და სხვა მრავალ საგანს შორის ტრანსლირებული იქნება შექსპირის პიესები, სამეცნიერო მასალა, ისტორიის ჩანახატები და ფაქტობრივი ცოდნა.
    Bitesize Daily დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს red button პორტალზეც, ხოლო ცალკეული ეპიზოდები მოთხოვნის შემთხვევაში აიტვირთება iPlayer ფორმატში.
    კულტურის მინისტრმა ოლივერ დოდენმა განაცხადა, რომ BBC ერს გასული საუკუნის უმძიმეს მომენტებშიც დახმარებია.
    „მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჯერად ჩვენს შვილებს დაეხმარება. ყველანი სახლში ვიქნებით. ჩვენი ტელევიზია კი ჯანდაცვის სისტემას შეეხიდება და იმავდროულად ადამიანების სიცოცხლეს გაუფრთხილდება“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა „ ეს უდიდესი შვება იქნება მშობლებისთვის და მე სიხარულით მივესალმები იმ ფაქტს, რომ BBC თავის წილ პასუხისმგებლობას კისრულობს ამ ეროვნულ საქმეში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები