ნათია მერებაშვილი: ბოლო წლებში გაზრდილია სპეციალიზებული პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა

“შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რაც გამოიხატა პროკურორებისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით რეკომენდაციების შემუშავებაში, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადებაში, სტატისტიკური მონაცემების სრულყოფასა და პროკურორთა სპეციალიზაციაში.

ნათია მერებაშვილის თქმით, 2020 წლის 1 -ელი სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების 4 სასწავლო კურსი გაიარეს. ამჟამად, სპეციალიზებულია 136 თანამშრომელი, მათ შორის – 36 მენეჯერი, 81 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, 19 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბოლო წლებში გაზრდილია სპეციალიზებული პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა“, – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 224 პირის მიმართ. 2016-2020 წლებში კი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 646 პირის მიმართ დაიწყო.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, 2020 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს ხელშეწყობით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აქტიური ჩართულობით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოების და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას, მონაცემთა ერთიანი, სრულყოფილი, ზუსტი და გამჭვირვალე სისტემის შექმნას და 2021 წლიდან პროაქტიულ გამოქვეყნებას. უწყებები საპილოტე რეჟიმში გამოაქვეყნებენ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკურ ანგარიშს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება გაეცნოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთიან, სეგრეგირებულ მონაცემებს.

გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით, პროკურორებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“. ასევე, 2020 წელს შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის „უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ”, რომელშიც უფლებადამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები იქნა გაზიარებული.

„2020 წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პრაქტიკული კურსი ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები“ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სწავლება თხუთმეტმა პროკურორმა გაიარა. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც აღნიშნული სასწავლო კურსი ჩატარდა, რომლის მიზანია პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების უნარების გაუმჯობესება შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, რათა მათ უკეთ შეძლონ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირება, შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა, სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება“, – განაცხადა ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები