დიმიტრი ხუნდაძე: შემთხვევითი ვაქცინა ქვეყანაში არ შემოვა
“შემთხვევითი ვაქცინა ქვეყანაში არ შემოვა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინით მედპერსონალის აცრა მოხდება.
„ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. მთავარია ერთი შეუცვლელი პირობა, რომ ეს უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ან შესაბამისი პრეკვალიფიკაციის მქონე. შემთხვევითი ვაქცინა ქვეყანაში არ შემოვა. დამატებით რისკებს ჩვენ საკუთარ მოსახლეობას არ წარვუდგენთ. ვერც შევთავაზებთ და ამის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორია გადაწყვეტილება, რომ, პირველ ყოვლისა, აიცრება მედპერსონალი, რადგან ისინი წარმოადგენენ წინა ხაზს, ისინი იღებენ პასუხისმგებლობას სხვის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ვფიქრობ, მათი ჯანმრთელობა არის უპირატესი და აუცილებელიც, რათა დაცული იქნას სხვისი ჯანმრთელობაც. ამიტომ, როგორც სხვა ქვეყნებში, პირველი იქნება მედპერსონალი და შემდეგ მიზნობრივი ჯგუფები, სადაც უფრო მაღალია რისკი ცუდი შედეგის, თუმცა, რა თქმა უნდა, თანდათან ვაქცინაცია მოიცავს მოსახლეობის დიდ ნაწილს“, – განაცხადა ხუნდაძემ.