მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების და გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში ეკონომიკის ზედიზედ ორჯერ (ორმაგი) ვარდნა 1975 წლის შემდეგ პირველად მეორდება (ეკონომიკის ერთხელ შემცირების შემდეგ, მცირე ხნით მდგომარეობის გაუმჯობესება და შემდგომში ისევ ვარდნა დაფიქსირდა) ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც 2020 წლის შემოდგომით უკვე იდგა სირთულეების წინაშე კიდევ უფრო მეტად დაზარალდა დეკემბერში, –  ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობა იქნება წარმატებული და შეზღუდვები ნელ-ნელა შემსუბუქდება, დიდი ალბათობით, 2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა კვლავ იქნება არაერთი გამოწვევის წინაშე.

„1709 წლის შემდეგ 2020 წელი იქნება დიდ ბრიტანეთში წარმოების ყველაზე დიდი ვარდნის წელი. 2020 წლის დასაწყისში, როდესაც მსოფლიოში გამოჩნდა ახალი კორონავირუსი, მოლოდინი იყო, რომ დიდ ბრიტანეთში, წლის პირველ ნახევარში, იქნებოდა გარკვეული სირთულეები, რასაც ქვეყანა წლის მეორე ნახევარში გაუმკლავდებოდა. თუმცა, 2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის ვარდნამ ცხადყო, რომ 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით სხვაობა იქნებოდა დაახლოებით 10%.

ეკონომისტთა ერთი ჯგუფის მოსაზრებით, ეს არაა ნამდვილი რეცესია, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მაგალითად, ე.წ. ნავთობის შოკს, როგორც ეს მოხდა 1973 წელს ან 90-იანების მსგავს საცხოვრებელი ბაზრის კრიზისს. მათივე მოსაზრებით, როგორც კი მოიხსნება შეზღუდვები, ეკონომიკა შეძლებს სწრაფი ტემპებით გაჯანსაღებას, – წერს უცხოური მედია.

ასევე, საუბარია დიდ ბრიტანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ხაზგასმულია, რომ დიდ ბრიტანეთში და განსაკუთრებით ლონდონში ეპიდვითარება კვლავ უმძიმესია.

“სასწრაფოს მანქანებს უწევთ საათობით ლოდინი, რათა საავადმყოფომ მიიღოს პაციენტი. 10 იანვრის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსით ინფიცირების 54 940 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 563 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა 81 431 ადამიანს შეადგენს, რაც ევროპის ქვეყნებს შორის, ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – წერს უცხოური მედია.

ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) ხელმძღვანლის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დრო და აუცილებელია ადამიანები დაემორჩილონ რეგულაციებს და დარჩნენ სახლებში.

„თუ ეპიდვითარება ასეთ დონეზე შენარჩუნდება, საავადმყოფოები ძალიან მალე დადგებიან სერიოზული სირთულეების წინაშე“, – განაცხადა მან.  ბრიტანელი მეცნიერები მთავრობას ინგლისში ზომების შემდგომი გამკაცრებისაკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კოვიდ რეგულაციების ნებისმიერი შემსუბუქება შესაძლოა, დასრულდეს ფატალური შედეგით და მოუწოდა პოლიციელებს, გაამკაცრონ რეგულაციების დაცვის მონიტორინგი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეაგირება კოვიდზე უნდა იყოს მეტად პროაქტიული და აცხადებენ, რომ ამჟამად არ არსებობს აშკარა სტრატეგია.

„ჩემი აზრით, მთავარი საკითხი დგას შემდეგნაირად – ქვეყანას არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგია კოვიდთან გასამკლავებლად”, – აცხადებს ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და შოტლანდიის მთავრობის მრჩეველი.

კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ 9 იანვარს, ერთ დღე-ღამეში აშშ-ში კოვიდინფიცირების 269 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 3 655 ადამიანი.

“ასევე, ქვეყნის მასშტაბით მაღალი იყო ჰოსპილატილიზების მაჩვენებელი. ვარაუდობენ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ერთი მხრივ, დღესასწაულების ჩავლის შემდგომ რამდენიმე კვირის განმავლობაში სურათის შეცვლას ვარაუდობენ, მეორე მხრივ, CDC ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ-ში ჩატარებულმა აქციებმა შესაძლოა ეპიდაფეთქება გამოიწვიოს. საერთო ჯამში, აშშ-ში იანვრის პირველი 9 დღის განმავლობაში ინფიცირების 2 მილიონ შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა და გარდაიცვალა 24 ათასი ადამიანი“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, საუბარია Reuters-ის მიერ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, იაპონიაში, კორონავირუსის ახალი, მუტირებული ვარიანტი დაფიქსირდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სახეობებისგან განსხვავდება.

მათივე ინფორმაციით, ვირუსი ოთხ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც იაპონიაში ბრაზილიიდან ჩავიდნენ.

”ამ დროისთვის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია”, – განაცხადა ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ტაკაჯი ვაკიტამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეხება გერმანიაში არსებულ ვითარებას, აღნიშნულია, რომ გერმანიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა.

„გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 465 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში, კორონავირუსის 1 908 527 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 40 343 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულების ჯამური რაოდენობა მიუახლოვდა 2 მილიონს. ქვეყანამ, რომელმაც საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიის პირველი ტალღის მაღალ დონეზე მართვის გამო, ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, იანვრის ბოლომდე გაახანგრძლივა კოვიდ შეზღუდვები.

გერმანიის მასშტაბით, მოსახლეობაში ვაქცინაციის პროცესის ტემპის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, ქვეყანაში ასობით ვაქცინაციის ცენტრია შექმნილი, თუმცა, მისი თქმით, რეგიონალური მთავრობები ცენტრების უმრავლესობის გახსნას მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის გეგმავენ“, – წერს უცხოური მედია.

კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილებულია შვედეთში არსებულ ვითარებაზე.

„10 იანვარს, შვედეთში, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც პარლამენტმა მთავრობას მისცა უფლება დააწესოს კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროპის ქვეყნებისგან სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია კოვიდთან საბრძოლველად და დაეყრდნო მეტწილად საზოგადოების კეთილგონიერებასა და მათ მიერ რეკომენდაციების დაცვას, რაც საბოლოო ჯამში შეცდომად შეფასდა,- წერს უცხოური მედია.

ასევე ყურადღება გამახვილებულია შვედეთის პრემიერის განცხადებაზე.

„ჩვენ ვხედავთ, არსებობს რისკი იმისა, რომ სულ მალე დიდი სირთულეების წინაშე დავდგებით. შესაბამისად, ამ კანონის გამოყენება მოგვიწევს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა შვედეთის პრემიერმა.

აღნიშნულია, რომ კანონი საშუალებას აძლევს მთავრობას შეაჩეროს მაღაზიების, საცურაო აუზების, სხვადასხვა ბიზნესებისა და საჯარო დაწესებულებების მუშაობა და იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი არ დაემორჩილება შესაბამის წესებს, აკრძალოს მათი ოპერირება.

„კანონის მიღება პარლამენტმა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვიტა – შვედეთს, სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე, ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს და უჭირს კოვიდის მეორე ტალღასთან გამკლავება“, – წერს უცხოური მედია.

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთი, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამკაცრებს შეზღუდვებს.

„10 იანვრიდან ე.წ.  კომენდანტის საათი დამატებით საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილზე (ზემო რეინი და ქვემო რეინი), ცენტრალურ ნაწილსა (შერი და კოდ-დ’ორი) და სამხრეთ ნაწილზეც (ბუშ-დიუ-რონი) გავრცელდება. აღნიშნულ რეგიონებში კომენდანტის საათი, 20:00 საათის ნაცვლად, 18:00 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე იმოქმედებს. შეზღუდვების გამკაცრება მეტწილად ვირუსის ახალი შტამის გავრცელებითაა განპირობებული; 18 იანვრიდან, საფრანგეთში 75 წელზე უფროსი პირების (ჯამში 5 მილიონი მოქალაქე) ვაქცინაცია დაიწყება“, –  წერს უცხოური მედია.

ასევე, მოცემულია პრემიერის განცხადება.

 „ყველა ვხვდებით, რომ ეპიდემიის გავრცელება არ სუსტდება და პირიქით, სიტუაცია უარესდება“, – განაცხადა პრემიერმა.

უცხოური მედიის თქმით, ასევე, რეგულაციების გამკაცრება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ საფრანგეთში კოვიდის ახალი შტამით ინფიცირების კიდევ 21 შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდ 19-ის სტატისტიკაზე საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილებულია იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, ბულგარეთში, რუსეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

„იტალიის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ლომბარდიაში, სადაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, ვაქცინაციის პროცესი დაგეგმილზე ნელა მიმდინარეობს; გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპის გაზრდას ცდილობს.  ზოგიერთ რეგიონში დაფიქსირებული შეფერხებების მიუხედავად, 9 იანვრის მონაცემებით იტალიას ევროპის მასშტაბით  ყველაზე მეტი მოქალაქისთვის აქვს ვაქცინაცია ჩატარებული.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო (შემთხვევების რაოდენობა, ჯამურად, 2 მილიონს აღწევს) შეზღუდვები მკაცრდება. 8 იანვრიდან, ესპანეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის 17 რეგიონსა და 2 ავტონომიურ ქალაქში ინფიცირების შემთხვევების ზრდის აღკვეთის მიზნით, მკაცრი ზომები დააწესა; კერძოდ, რეგიონებს შორის გადაადგილება შეიზღუდა. ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი ხანგრძლივდება (მეტწილად 22:00-06:00 საათებში). საჯარო შეკრებებზე 6-კაციანი შეზღუდვა მოქმედებს.

ერთ მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვლილთა ოდენობით, ბელგია მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 10 იანვარის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 20 000 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი; ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ პანდემიის მართვის პროცესში  გადადგმული იყო არაერთი არასწორი ნაბიჯი და ასევე, არსებობდა სისტემური პრობლემები.

10 იანვრის მონაცემებით, ერთ კვირაში ბულგარეთში COVID-19-ით ინფიცირების 8 734 და გარდაცვალების 453 ფაქტი დაფიქსირდა. ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბულგარეთი მსოფლიოში მეათე ადგილზეა.

რუსეთში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი დაფიქსირდა. მუტირებული ვირუსით ინფიცირებული პირი რუსეთში დიდი ბრიტანეთიდანაა დაბრუნებული. რუსეთში კორონავირუსის 23 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 436 ადამიანი გარდაიცვალა.

10 იანვარს, უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 5 011 ფაქტი გამოვლინდა. გარდაიცვალა 99 პირი. უკრაინული მედია ნეგატიურად გამოეხმაურა, 8 იანვარს მკაცრი „ლოკდაუნის“ გამოცხადებიდან მეორე დღესვე, ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამთო-სათხილამურო კურორტ „ბუკოველზე“ ჩასვლას. ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებში ასახული ხალხმრავლობა და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს (დისტანცია და პირბადის ტარება) არ იცავდა, კრიტიკის საგანი გახდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები