დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის ფირმების 43%-ში გაყიდვების მაჩვენებელი დაეცა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის ფირმების 43%-ში დაეცა გაყიდვების მაჩვენებელი, ანალიზის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, ე.წ. ლოქდაუნის პირობებში, სპორტ-დარბაზები, საცურაო აუზები და დასასვენებელი ობიექტები ყოველკვირეულად იზარალებენ 90 მლნ ფუნტს. იანვარი ყოველწლიურად იყო ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თვე. ე.წ. ლოქდაუნის პირობებში, მინიმუმ, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, დაკეტილი იქნება ყველა ეს ობიექტი და მაღალი იქნება ზარალი. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ დახმარებას ხელისუფლებისგან.
ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის ნოემბერში ე.წ. ლოქდაუნით დაწესებული შეზღუდვების გამო სპორტულმა დაწესებულებებმა იზარალეს 29 მლნ ფუნტი, რაც, გარდა იმისა, რომ არის დიდი ფუნანსური ზარალი და დაკარგული სამუშაო ადგილები, უარყოფითად აისახება მათივე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.
ავიაკომპანია Ryanair-ის გადაწყვეტილებით, 21 იანვრიდან საგრძნობლად შეამცირებენ ფრენების რაოდენობას ირლანდიაში/ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მიზეზად დაასახელეს ახალი ლოქდაუნი. Ryanair-ის ინფორმაციით, კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ გაუქმებული ფრენებისა და ანაზღაურების შესახებ მოგზაურებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია და, ასევე, მოუწოდეს ირლანდიისა და ბრიტანეთის მთავრობებს, დააჩქარონ ვაქცინაციის პროცესი, რათა ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ მოგზაურობა.
მოგვიანებით, Wizz Air-მაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინიც გეგმავენ ფრენების შემცირებას.