ლონდონში 6 იანვარს გამოვლინდა კოვიდ ინფიცირების 14 892 ახალი შემთხვევა – ქალაქის მერი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლოა და ჯანდაცვის სისტემა ზედმეტად გადატვირთულია

ლონდონის მერის განცხადებით, დედაქალაქში მომდევნო დღეებში შესაძლოა, სრულად ამოიწუროს საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა. ქალაქის მერი აცხადებს, რომ „დიახ, ვირუსის გავრცელება უკონტროლოა. ჯანდაცვის სისტემა ზედმეტად გადატვირთულია. პანდემიის დაწყების დღიდან არ ყოფილა მომენტი, როდესაც მე ვიყავი ისეთივე შეწუხებული, როგორიც ახლა ვარ. მედიკოსები არიან ძალიან დატვირთულები, დაღლილები და მათ უმეტესობას უკვე აქვს მიღებული ტრავმა, რომლის დაძლევასაც წლები დასჭირდება“. მერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ლონდონში 6 იანვარს გამოვლინდა კოვიდ ინფიცირების 14 892 ახალი შემთხვევა.

დიდი ბრიტანეთის უფროსი სამედიცინო ოფიცერი, კრის უიტი (Chris Whitty) აცხადებს, რომ გაზაფხულზე, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ვირუსი არსად გაქრება და აუცილებელია, რომ ადამიანებმა რეალურად შეაფასონ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. “თუ ჩვენ არ გავაკეთეთ ყველაფერი სწორად, თუ ადამიანებმა არ გაითვალისწინეს სახლში დარჩენის მოწოდება, ზამთრის შუა პერიოდში, კოვიდის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების პირობებში, სიტუაცია ძალიან დამძიმდება“, განაცხადა უიტიმ. მანვე აღნიშნა, რომ კოვიდ რეგულაციების დაცვის პირობებში, რისკი შემცირდება და მიაღწევს ისეთ დონეს, რომლის მართვაც იქნება შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში გამოცხადდა სრული ე.წ. ლოქდაუნი, პოლიციამ მიიღო ახალი ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აკონტროლონ კოვიდ რეგულაციების დაცვა.
პოლიციას აქვს უფლება, დააჯარიმოს 18 წელს ზემოთ პირი, რომელიც არ ატარებს პირბადეს ისეთ სივრცეებში, სადაც არსებობს შესაბამისი მოთხოვნა პირბადის ტარების შესახებ. ასევე, ისინი, ვინც არ ემორჩილებიან წესებს და იკრიბებიან აკრძალვების მიუხედავად. ჯარიმა განისაზღვრა 200 ფუნტით,
რეგულაციების მეორე ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა შეადგენს 400 ფუნტს და ორმაგდება ყოველი მომდევნო დაჯარიმებისას, ხოლო ზედა ზღვარი განისაზღვრა 6 400 ფუნტით. ასევე, დაჯარიმდება ყველა პირი, რომელიც წვეულებებს უწევეს ორგანიზებას ან ესწრებია“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები