გაგრაში ძლიერ ხანძარს კვლავ ებრძვიან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს (ფოტო)
„აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს,” – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაგრის რაიონში, დაახლოებით, ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.
„გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდირება მოხერხდა, ცეცხლის ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა.
დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა,“ – აღნიშნულია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაში.