როგორი იქნება 2021 წელი სამხრეთ კავკასიაში და რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-თურქეთის სიამტკბილობა რეგიონში. როგორც ამერიკული გამოცემა – Foreign Policy წერს, ასე დიდხანს არ გაგრძელდება და შესაძლოა, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდეს. სამხეთ კავკასიასთან ერთად, მომავალი დაპირისპირების არეალად Foreign Policy-ი სირიასა და ლიბიასაც განიხილავს. რეალურად, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები – ამ საკითხზე „კვირა“ რონდელის ფონდის მკვლევარსა და აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
-ამერიკული გამოცემა რუსეთსა და თურქეთს შორის კონფრონტაციას პროგნოზირებს. რა აძლევთ ამის საფუძველს?
ასეთი ალბათობა მართლაც დიდია. ამგვარი ვარაუდისა და პროგნოზის საშუალებას ის მოვლენები იძლევა, რასაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, სირიაში რუსეთსა და თურქეთს განსხვავებული ინტერესები და მიზნები აქვთ. იყო დრო, როცა იქ საქმე თითქმის სამხედრო კონტაქტამდე მივიდა, მაგრამ სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა და მხარეები გარკვეულ შეთანხმებამდეც მივიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის საბოლოო შეთანხმება. ეს იყო ტაქტიკური და არა – სტრატეგიული შეთანხმება და მხარეები, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ. რუსეთი, მოგეხსენებათ, მთავარ საფრთხედ ნატო-ს აღიქვამს, თურქეთი კი სწორედ ნატო-ს წევრია, თურქეთთან დაახლოების გზით რუსეთი ნატო-ში უთანხმოების შეტანას კი ცდილობს, მაგრამ ამას თურქეთშიც და ნატო-შიც აცნობიერებენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება ბაიდენის სახით და ის არ იქნება ისეთი დამთმობი თურქეთის მიმართ, როგორიც ტრამპის ადმინისტრაცია იყო. ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ მხარეებს შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ, თუმცა, დაძაბულობის კერები მაინც რჩება. მაგალითად, ყარაბაღში მონიტორინგის ცენტრის ადგილმდებარეობა და შემადგენლობა რომ განესაზღვრათ, მხარეებს თვეზე მეტი დასჭირდათ.
-ღარაბაღში გარკვეული სტატუს კვო ჩამოყალიბდა. ვის ინტერესებში შეიძლება, იყოს ახალი ეკალაცია?
მართალია, გარკვეული სტატუს კვო მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც თურქეთს სურდა. მოკლედ, ეს არ არის ის პროგრამა მაქსიმუმი, რაც თურქეთს უნდოდა.
-რა არის ეს პროგრამა მაქსიმუმი?
ეს გაცხადებულიც ჰქონდა თურქეთს. ანუ სურდათ, რომ უშუალოდ სამშვიდობო მისიაში მიეღოთ მონაწილეობა და თანაც უშუალოდ ყარაბაღში და არა – მის ფარგლებს გარეთ. როგორც ვიცით, თურქეთი მხოლოდ სადამკვირვებლო ცენტრშია წარმოდგენილი და ეს მათთვის საკმარისი არაა. მოკლედ, თუ ამ გარემოებებს გავითვალისწინებთ, ყარაბაღში და არა მარტო იქ დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.
-რუსეთ-თურქეთის შესაძლო დაპირისპირებას საქართველოს ტერიტორიაზე რა გამოძახილი შეიძლება, ჰქონდეს?
ამ ატაპზე, საქართველოზე საუბარი არაა. მე აქცენტს ისევ აზერბაიჯანზე გავაკეთებდი. არ გამოვრიცხავ, რომ მაგალითად განჯაში ან ნახჭევანში თურქეთის სამხედრო ბაზები ვიხილოთ. ყარაბაღის მეორე ომმა ვერცერთი მხარის ინტერესები 100 %-ით ვერ დააკმაყოფილა. შესაბამისად, იქნება მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი მიიღონ.
-ამ კონფლიქტში სად არის დასავლეთის ადგილი. ყარაბაღში დასავლეთი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ეს რას ნიშნავს?
ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ დასავლეთს ყარაბაღის კონფლიქტისთვის არ ეცალა. აშშ-ში წინასაარჩევნო ბატალიები იყო. ევროპა კი კოვიდ პანდემიას ებრძოდა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მხარეებზე, ანუ სომხეთსა და აზერბაიჯანზე ზემოქმედების ბერკეტები დასავლეთს ნაკლები აქვს, ვიდრე – რუსეთსა და თურქეთს. როგორც ვნახეთ, ბოლო მოვლენებისას მხოლოდ საფრანგეთი აქტიურობდა, ისიც – მცირედით და ისიც იქაური სომხური დიასპორისა და ლობის ძალისხმევის შედეგად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პომპეოს ამასწინანდელი ვიზიტი საქართველოში იყო ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ აშშ-სთვის სამხრეთ კავკასია ისევ საინტერესოა და დასავლეთს აქ საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვს გადასწყვეტი. მოკლედ, დასავლეთს კავკასია არ დავიწყებია და ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება ბაიდენის ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთთან. დიდი ალბათობით, ბაიდენის პოლიტიკა განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ტრამპი აკეთებდა. ვფიქრობ, ბაიდენი კოორდინაციაში იქნება თავის ევროპელ მოკავშირეებთან. ეს კარგად გამოჩნდა 11 დეკემბერს ევროსამიტზე მიღებული დოკუმენტის ტექსტში, სადაც ჩაწერილია, რომ თურქეთთნ ურთიერთობებს ევროპა აშშ-ს შეუთანხმებს და ერთობლივად იმოქმედებენ.
-სამხრეთ კავკასიასთან ახლოა ირანიც, რომელსაც გარკვეული ინტერესები აქვს. მისგან რას უნდა ველოდოთ?
ირანი საკმაოდ ფრთხილ და ჭკვიანურ პოლიტიკას ეწევა. ამ გართულებების დროს, მიუხედავად იმისა, რომ გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის ერთი წლის თავი იყო, არ წავიდა გართულებაზე და არ მისცა ტრამპს მკვეთრი მოქმედებების საბაბი. ვფიქრობ, რომ იქაც ბაიდენის გაპრეზიდენტებას დაელოდებიან და გადაწყვეტილებებსაც ამის მერე მიიღებენ. ამავდროულად, ირანის სტრატეგიული ხაზი არ იცვლება და მის მთავარ ამოცანად რჩება რეგიონი და ამერიკული სამხედრო ბაზების რაც შეიძლება შორს გადატანა.
ყარაბაღის კონფლიქტში ყველაზე მეტად დაზარალებულზე რას იტყვით. სომხეთის პრემიერმა დაძლია კრიზისი, ანუ მოახერხა ხელისუფლების შენარჩუნება, თუ ჯერ ყველაფერი წინ ააქვს?
ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი წინ ააქვს. კრიზისი არაა გადაგორბული და ის, რომ რიგგარეშე არჩევნების ალბათობა დაუშვა, სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემი აზრით, სომხეთს ელოდება ცვლილებები და ეს ცვლილებები, დიდი ალბათობით, არ იქნება ერთჯერადი.
-ყარაბაღში მარცხის ერთგვარი კომპენსაციის მცდელობას სომხეთის მხრიდან ჯავახეთში ხომ არ უნდა ველოდოთ?
არ მგონია. ჯერ სომხეთში ხელისუფლების საკითხია გასარკვევი. თუ ფაშინიანი დარჩა, ის ნაკლებად ემორჩილება რუსეთს და არ მგონია, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას დათანხმდეს. სომხეთში კარგად ესმით, რომ, ფაქტობრივად, ერთადერთ კავშირი გარე სამყაროსთან საქართველოს მეშვეობით აქვთ. მე ნაკლებად მოსალოდნელი მგონია, რომ ჯავახეთში სეპარატისტული მიმართულება გააქტიურდეს და ამას სომხეთმა მხარი დაუჭიროს.
-ბოლო დღეებში რუსეთმა საქართველოსთან საზღვრის დემილიტაცია – დემარკაციის საკითხი წამოწია, ეს რას ნიშნავს?
ეს მოსალოდნელიც იყო ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. არ იყო გამორიცხული, რომ რუსეთი პროვოკაციებს გააძლიერებდა და ასეც მოხდა. როგოც ჩანს, მათ ჩვენი რაღაც პირობებზე დაყოლიება უნდათ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.