პოეტი ზაურ მოლაშხია გარდაიცვალა

75 წლის ასაკში პოეტი ზაურ მოლაშხია გარდაიცვალა.
„წავიდა ჩვენგან შესანიშნავი ქართველი პოეტი, გულანთებული მამულიშვილი,
თავმდაბლობით გამორჩეული სამეგობრო კაცი ზაურ მოლაშხია. ვუსამძიმრემ ოჯახს და ყველას ამ მძიმე დანაკლისს“, – წერს აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი ნომადი ბართაია.

„ჭეშმარიტი პოეტი, ღირსებით შემკული და ქართული პატიოსნებით სავსე მეგობარი წაგვართვა ამ საშინელმა კოვიდმა – ზაურ მოლაშხია აღარ გვყავს, საქართველოსთვის მუდამ სანთელივით ანთებული ზაურ მოლაშხია, ვინც ისეთი თბილი და ყურადღებიანი იყო ყოველი ჩვენგანის მიმართ, რომ, თავი როგორც არ უნდა შევიკავო ახლა, მაინც მეტირება.
ზაური ნამდვილი პატრიოტი იყო, რაც მის ლექსებშიც თვალნათლივ ჩანს… საქართველოს სიყვარულისთვის დასჯაც კი დაუპირეს საბჭოეთის დროს… მაგრამ ჩაერივნენ დიდებული ადამიანები და გადაარჩინეს…

მისი ყოველი ლექსი სითბოთი გამოირჩევა. მინდოდა ნიმუშად რომელიმე მომეყვანა, მაგრამ მისი ნაჩუქარი წიგნი ჩემს თაროებზე ვერ ვიპოვე, ამიტომ იგივე ლექსი უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც გუშინ ზაალ ჯალაღონიამ დადო:

მზის ეკლესია
დიდხანს რეკავდა, დიდხანს ფხიზლობდა,
გზად სასოება დაუთესია
და სავსე იყო ცით და სიზმრებით
ჩემი პატარა მზის ეკლესია.
წვიმა მღეროდა თუ თქარუნობდა,
მუდამ ისმოდა ჩუმი გალობა
და ღუღუნებდა თვითონ ბუნებაც
შენს სიმართლეს და წარუვალობას.
და დამყურებდი მუდამ ზემოდან,
დამქონდა რწმენა, როგორც უღელი.
შენზე ვფიქრობდი, შენი მჯეროდა,
შენ გიჩოქებდი ქედმოუხრელი.
ბოლოს დამტოვე, გაქრი სრულებით
და საძვალენი ჩუმად კვნესიან…
დავრჩით მარტონი, უერთგულესი

მე და მდუმარე მზის ეკლესია.

ასეთი ჩუმი პოეზიით სავსე დიდი ლექსები აქვს ზაურ მოლაშხიას და სწორედ ესაა გასათვალისწინებელი, მისთვის სამუდამო განსასვენებელი ადგილის მიჩენამდე… და არა ის, თუ რამდენი წიგნის ავტორია და რამდენი რეცენზიაა დაწერილი მის შემოქმედებაზე.

ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ქალბატონ ნატოს, მის შვილებს, მის ნათესავებსა და მეგობრებს და ვიზიარებ მათს უზომო მწუხარებას.

მშვიდობით, ჩემო ზაურ, უერთგულესო ძმაო და მეგობარო!
ეს კი, შენდამი მიძღვნილი, ნაუცბათევი და უბრალო ერთი სტრიქონი:
ქართველობა იარებით ნაკვნესებ
გულიდანაც მოგიჩანდა ზეხატად…
საქართველოს სიყვარული სახეზე
ანგელოზის ფრესკასავით გეხატა!
ბათუ დანელია
05. 01. 21“.

მანამდე პოეტის შვილმა გვანცა მოლაშხიამ გაავრცელა ინფორმაცია მამის გარდაცვალების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები