გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების სოციალური დახმარების აქცია გრძელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ამჯერად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამყოფი ხაზების სოფლებს ესტუმრა.  ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სოფელ საკორინთლოსა და სოფელ ოძისში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

“ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ კამპანიას, რომელიც პანდემიით შექმნილი საჭიროებების საპასუხოდ დავიწყეთ გასული წლის დასასრულს. ამჯერად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადავცემთ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს. ჩვენ აღნიშნული აქციით მოვიცავთ გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელს, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. აღსანიშნავია, რომ ამ სოციალური აქციის პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

თეა ახვლედიანს შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლები – სიმონ გულედანი და მაცაცო ნარიმანიძე, ასევე, საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელი, ღასან ხალილ ახლდნენ თან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები