ირმა ინაშვილი: თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს
„ჩვენი პარტიის არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. კი ბატონო, მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სიით ბიზნესმენები არიან, რომლებიც ჩვენს ადგილმონაცვლეებს წარმოადგენენ, მაგრამ მე რაღაც ძალიან დიდ სულსწრაფობას ვამჩნევ „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და წარმომადგენლებს”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„ჯერ ჩვენი იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგა დღის წესრიგში, შემდეგ გარკვეული ვადებია და იმის შემდეგ ხდება ადგილმონაცვლეების საკითხის განხილვა. ძალიან დიდ მოუთმენლობას ვამჩნევ „ქართულ ოცნებას“. ბიზნესმენები, რომლებიც არიან ჩვენ სიაში, არ არიან პარტიის წევრები. არსებობს გარკვეული ვალდებულებები, ეს ყველას ესმის და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. პოლიტიკა არ არის მარტო სფერო, სადაც შეიძლება, ყველა პრინციპზე თქვას უარი ადამიანმა. პოლიტიკა არის სფერო, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზნეობრივ ქმედებას და ჩვენ ამ ბიზნესმენებთან მიმართებით სწორედ ასეთი მიდგომა გამოვიჩინეთ. მათ მივეცით საშუალება, გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღონ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის შიგნით სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია იყო.
„ბევრი დისკუსია გვქონდა ამ თემაზე. ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართ, აქ არის პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მსჯელობა გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო არ ჩახსნა სია პარტიის თავმჯდომარემ, რომ გაითვალისწინა ეს ფაქტორები და სხვადასხვა მოსაზრებები. პარტიაში არ იყო მხოლოდ ერთი მოსაზრება და ეს ჯანსაღი პროცესია. ამიტომ, სიის წევრებმა მიმართეს ცესკო-ს განცხადებებით, 128-129-მა წევრმა მიმართა, რომ უფლებამოსილება მათი არ შევიდეს ძალაში და ვინც არ დაწერა განცხადება, ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი, მე არანაირი ბერკეტი, ხაზს ვუსვამ, მათზე ზემოქმედების არა მაქვს, მათ მიეცათ არჩევანის საშუალება. ბატონ ფრიდონ ინჯიას, რომელიც ჩვენი პარტიის წევრია წლების მანძილზე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტიული საქმიანობისათვის, მაგრამ თუ ბატონი ფრიდონი დათანხმდება პარლამენტში შესვლაზე მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. აი, ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები, რომელთა გვარებიც ახლა ისმის, არ არიან პარტიის წევრები. ისინი ჩვენი პარტიის შემომწირველები იყვნენ. ქალბატონ ნანა დევდარიანს განცხადება აქვს დაწერილი არ შევა პარლამენტში“, – განაცხადა ინაშვილმა.