“ნაცმოძრაობა“, როგორც მომავალი სახელისუფლებო პარტია, დასავლეთისთვის დამთავრებულია, სააკაშვილი კი ამერიკისთვის უკვე კეთროვანი პოლიტიკოსია და მასზე ფსონს აღარავინ დადებს”

2021 წლის კავკასიურ პოლიტიკასა და ქართულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ,,კვირა“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, ზვიად ნიშნიანიძეს ესაუბრა:

-ამერიკის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემდეგ საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში აგრესიულ საგარეო პოლიტიკას განახორციელებს და მისი პირველი სამიზნე რუსეთი იქნება.

– მართლაც, არსებობს ვარაუდი, რომ ბაიდენის მოსვლით რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაიძაბება. ასე არ იქნება. თვალი გადაავლეთ ტრამპის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. სწორედ ტრამპმა დაუწესა უამრავი სანქცია პუტინს და, ფაქტობრივად, მისი ეკონომიკა საგრძნობლად შეზღუდა. დემოკრატების მმართველობის დროს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ყოველთვის თბებოდა. ასე იქნება ამჯერადაც.

-ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენებში რუსული და ამერიკული ინტერესები ერთმანეთს არ დაუპირისპირდება?

-კავკასიაში ახლა მთავარ მოთამაშედ შემოსვლას გეგმავს თურქეთი, რომლის უკანაც დიდი ბრიტანეთი დგას. თურქულ პოლიტიკურ ელიტაზე ბრიტანეთს ყოველთვის, და ახლა მით უმეტეს, დიდი გავლენა ჰქონდა. თურქულ ინტელიგენციასა და სამეცნიერო წრეებს განათლება ბრიტანეთში აქვთ მიღებული. ასე განსაჯეთ, ჩაისაც კი, ბრიტანული ტრადიციით, 5 საათზე სვამენ. შეძლებული თურქი მოქალაქეების ფული ბრიტანულ ბანკებში ინახება და კერძო კაპიტალის დიდი ნაწილიც ბრიტანულ საქმეშია ჩადებული. დღევანდელ კავკასიურ პოლიტიკაშიც თურქეთის უკან არა ამერიკა, არამედ ბრიტანეთი დგას, რომელსაც სურს, იაფი ყაზახური ნავთი ევროპაში გაიტანოს და ძვირად გაყიდოს. თუ გახსოვთ, შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოში 12 დიდი ტრანსნაციონალური კომპანია შემოვიდა, რომელთაგან დღემდე ქვეყანაში მხოლოც BP დარჩა. ახლა სწორედ BP ცდილობს ყაზახური ნავთის ტრანსპორტირებას ევროპაში. დააკვირდით, რატომ ჩუქნის თურქეთი აზერბაიჯანს საზღვაო ხომალდებს? კასპიის ზღვაზე აზერბაიჯანს არა თუ გემი, სეინერიც არ ჰყავს. მომავალში აზერბაიჯანის გავლით და მისი საზღვაო ხომალდებით ინგლისი თურქეთისა და რასაკვირველია აზერბაიჯანის საშუალებით აპირებს თურქმენეთისა და ყაზახეთის ნავთობპროდუქტების ზღვის გზითაც გატანას და ამერიკის შეერთებული შტატები ამას ეთანხმება.

-თურქმენეთის ნავთობი საქართველოს გავლით მოხვდება ევროპაში?

-აუცილებლად. არც რუსეთსა და არც ირანს ეს პროდუქტი არ აინტერესებთ, თავად არიან ნავთობისა და გაზის იმპორტიორები. ყარსის სარკინიგზო გზა, ჩინეთისკენ ახლადგახსნილი მაგისტრალი ამის მანიშნებელია. ამიტომაც უნდა დასავლეთს სიმშვიდე და სტაბილური ვითარების შენარჩუნება საქართველოში. დღეს მთელი ცივილური სამყარო ცდილობს საქართველოში სტაბილური პოლიტიკური ვითარების შენარჩუნებას. ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი: ვაშაძე, სამადაშვილი, ჩორგოლეიშვილი ამას გრძნობენ. ,,ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მომავალი სახელისუფლებო პარტია, დასავლეთისთვის დამთავრებულია, სააკაშვილი კი ამერიკისთვის უკვე კეთროვანი პოლიტკოსია და მასზე ფსონს აღარავინ დადებს…

-კავკასიაში რუსეთს თურქულ-ამერიკულ-ბრიტანული სახელმწიფოების ინტერესები სერიოზულად შეავიწროვებს?

-ასე გამოდის, რუსეთი ახლა ეცდება საქართველოს გადაბირებას ნებისმიერი საშუალებით. მან რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნოს, შესაძლოა, გარკვეულ ლოიალურ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიაღწიოს კიდეც. პუტინის პრობლემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება არ არის, ის ელცინის პრობლემა იყო. პუტინი მხოლოდ ყირიმის ოკუპაციაზეა პასუხისმგებელი და ყირიმის დათმობა პუტინის თვითმკვლელობის ფასი იქნება რუსულ პოლიტიკურ წრეებში.

-პუტინის მრავალწლიანი, არადემოკრატიულ მმართველობას უახლოეს მომავალში, კავკასიის დაკარგვასთან ერთად, კრახი ხომ არ დაემუქრება?

-დააკვირდით, რუსეთში ქვეყნის პირველი პირების გადადგომის სისტემა არ არსებობს. რეიკიავიკში გორბაჩოვისა და რეიგანის შეხვედრას თარჯიმანი ესწრებოდა, რომელმაც მოგვიანებით საკუთარ მემუარებში ამ შეხვედრის დეტალები გაიხსენა. რეიგანმა გარბაჩოვს შეახსენა, როგორ გაანადგურა სისტემამ ლენინი, როგორ მოწამლა სტალინი, გააპანღურა ხრუშჩოვი, არ დაინდო ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახი. ამერიკის პრეზიდენტს პირდაპირ უთქვამს გარბაჩოვისთვის, რომელსაც საკუთარი ოჯახი და ცოლი ძალიან უყვარდა, რომ თუ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს თავშესაფარი დასჭირდებოდა, იგი მზად იყო, დახმარება გაეწია გორბაჩოვისთვის. რუსეთში ამ მხრივ დიდი არაფერი შეცვლილა. პუტინს დღეს ეგებ ძალიანაც უნდა გადადგომა, მაგრამ იცის, რომ სისტემის მძევალია და პოსტის დატოვების შემთხვევაში შესაძლოა, ის და მისი ახლობლები ფიზიკურადაც განადგურდნენ. ამიტომაც, ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე პუტინმა რუსეთის პარლამენტს ახალი კანონი მიაღებინა. მოგეხსენაბათ, რუსული პარლამენტი ორპალატიანია, რომელიც დუმისა და სენატისგან შედგება. ახალი კანონით, რუსეთის ყველა პრეზიდენტი, გადადგომის შემთხვევაშიც, სიკვდილამდე სენატის წევრი ხდება. ასე რომ, პუტინის ავადმყოფური შიში, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ერთ დღეს მის მმართველობას საფრთხე დაემუქრება, სრულიად რეალურია.

-ქართულ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ოპოზიციამ სწორი ტაქტიკა აირჩია, როდესაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა?

-,,ნაციონალურ მოძრაობასა“ და ,,ევროპულ საქართველოს“ იმედი ჰქონდათ, რომ დასავლეთი მათ მხარს დაუჭერდათ, როგორც ცალსახად პროამერიკულ ძალას და შეცდნენ.

ივანიშვილმა ოპოზიციას არჩევნები თავისსავე მოედანზე მოუგო. კელი დეგნანმა, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩებმა ცალსახად და არაერთხელ განაცხადეს, რომ არჩევნებმა დემოკრატიულ ვითარებიაში, ლეგიტიმურად ჩაიარა და საარჩევნო ბარიერი 9 პარტიამ გადალახა. ამას ერთპარტიული არჩევნები არ შეიძლება, ეწოდოს. ამიტომაც, ახლა ოპოზიცია უხერხულ მგომარეობაშია. მან აშკარად ვერ გათვალა დრო და ვითარება, მაგალითად, ქუთაისში რომ ქალაქში საცურაო კოსტუმით გამოხვიდე, გიჟად ჩაგთვლიან, ბათუმში კი ამ კოსტუმით ქალაქში სეირნობა სრულიად ნორმალურია. ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია ახლა ქუთაისში ,,კუპალნიკით“ სეირნობს და ეს ყველასთვის, მათ შორის, დემოკრატიული დასავლეთისთვის თითით საჩვენებელი სიგიჟეა. რაც შეეხება მათ ტელევიზიებს, რომლებიც პარალელურ სამყაროში ამყოფებენ საკუთარ მაყურებელს, შევახსენებ გვარამის გამონათქვამს ერთ-ერთ თათბირზე თანამშომლებთან: ,,არ დაკარგოთ დრო ჭკვიანებზე, იმუშავეთ სულელებზე.“ როდემდე მოახერხებს გვარამია ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გასულელებას ძნელი სათქმელია, თუმცა, ის, რომ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია დღეს გამოსავალს ვეღერ პოულობს, ცალსახად ნათელია.
რაც შეეხება პატარა ოპოზიციური პარტიების ბედს?
-რატომ იკლავს ალეკო ელისაშილი, ,,გირჩის“ ნაწილი და დღეის გადმოსახედიდან ,,ლელოც“ პარლამენტში შესვლაზე თავს? იციან, რომ თუ დღეს პარლამენტში შესვლის შანსს ხელიდან გაუშვებენ, 2024 წლის არჩევნებში, სადაც საარჩევნო ბარიერი 5% იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობოს“ პირობებში ისინი საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ აღმოჩნდებიან და საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან. ამიტომ, ვფიქრობ, ,,ნაციონალური“ მოძრაობისა და ,,ევროპული საქართველოს“ გარდა ყველა პატარა პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში და ამ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2024 წლისთვის საარჩევნო კანონი კიდევ ერთხელ შეცვალონ და ბარიერი დასწიო, რათა ოთხი წლის შემდეგ, 2 მთავარი პარტიის გარდა, კიდევ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას გაუჩნდეს შანსი ქართული პოლიტიკის კეთებისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები