კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკა – აშშ-ში მეორე დღეა კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რეკორდი ფიქსირდება; გერმანიაში, დღე-ღამეში, კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

AstraZeneca-ს ვაქცინამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში 30 დეკემბერს დამტკიცდა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა,-ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ცნობით, ვაქცინის შექმნაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ.

„ბრიტანეთმა შეუკვეთა AstraZeneca-ს ვაქცინის 100 მლნ დოზა, რაც განსაზღვრულია 50 მლნ ადამიანის ასაცრელად. ქვეყნის პრემიერის შეფასებით, ეს არის ფანტასტიკური ახალი ამბავი და ტრიუმფი ბრიტანული მეცნიერებისგან.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც დამტკიცა 30 დეკემბერს, 2021 წლის იანვრიდან იქნება ბრიტანეთში ხელმისაწვდომი, რაც ბუნებრივად დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს. მისივე განცხადებით, 2021 წლის გაზაფხულამდე ქვეყანა შეძლებს აცრას ადამიანების ის კრიტიკული რაოდენობა, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

აღსანიშნავია, რომ BionTech-ის ვაქცინისგან განსხვავებით, AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოებას აქვს უფრო მოქნილი პროცესი და შესაძლებელია უკეთესი(მარტივი) შენახვის პირობების გამოყენება, BionTech-ის ვაქცინა ინახება -70 გრადუსზე, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინის შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივრებში, რაც ამარტივებს მის ტრანსპორტირებასაც.

AstraZeneca-ს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, იგეგმება თანამშრომლობა პარტნიორ კომპანიებთან, რათა მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზის წარმოება და მათი მოლოდინით, კომპანია შეძლებს 2021 წლისთვის უზრუნველყოს 3 მილიარდი დოზა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, პოლიცია და მეცნიერები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დარჩნენ სახლებში, არ შეხვდნენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რადგან „კოვიდს უყვარს ხალხმრავლობა“. არაერთხელ გაესვა ხაზი იმფაქტს, რომ კოვიდის ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, აუცილებელია მკაცრად შეიზღუდოს საკონტაქტო წრე, ადამიანებმა დაიცვან რეგულაციები და ამ გზით ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში“,-წერს უცხოური მედია.

კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ გერმანიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, ერთ დღე-ღამეში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.

„30 დეკემბერს, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, ინფიცირების არსებული მაჩვენებელი, ამ ეტაპზე ნორმალური ცხოვრების სტილზე დაბრუნების შესაძლებლობას არ იძლევა. გერმანიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, დღე-ღამეში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა ათასს – დაფიქსირდა 1 129 გარდაცალების და 22 459 ინფიცირებების შემთხვევა.
გერმანიაში შეფერხებებია ვაქცინაციის პროცესში, რადგან არ ხდება დოზების დროული მიწოდება. მედიის ცნობით, გაუქმებულია 30 ათასი დოზის მიღება Pfeizer-სგან, რომელიც დაგეგმილი იყო 2021 წლის 4 იანვრისთვის. ბერლინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება 2021 წლის 11 იანვრიდან იგეგმება“,-წერს უცხოური მედია.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო კანცლერის თანამდებობაზე მისი ყოფნის უკანასკნელი წელი ყველაზე მძიმე წელი გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე. მისი თქმით ბოლო 15 წლის მანძილზე არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით.

მან კორონავირუსის გარშემო არსებული შეთქმულების თეორიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როგორც კი მისი ჯერი დადგება, ვაქცინას გაიკეთებს.

„შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ ყალბი და საშიში, არამედ ცინიკური და სასტიკია. ვაქცინაციასაც ვიკეთებ, როდესაც ჩემი ჯერი დადგება,“ – განაცხადა მერკელმა.

ასევე საუბარია ბელგიის მეფის მიმართვაზე.

„ამ წელს ყველაფერი სხვანაირია. ჩვენ ვზეიმობთ შობას და ახალ წელს მარტო. ვიცავთ დისტანციას, რათა ერთამენთი დავიცვათ. საბედნიეროდ, ძალიან კარგად ვიცით, რომ სიყვარული და მეგობრობა დროებით განშორებაზე ძლიერია.

ამ კრიზისმა დაგვანახა, ყველა ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება დაფუძნებულია ნდობასა და პატივისცემაზე. ეს არის ძალა, რაზეც შეგვიძლია უფრო მეტი და მეტი ავაშენოთ.
მე ვიცი, რომ ეს წელი ძალიან რთული იყო ახალგაზრდებისთვის, მაგრამ თქვენ მალე გაშლით ისევ ფრთებს, მიაღწევთ მიზნებს, აისრულებთ ოცნებებს და ერთად ავაშენებთ უკეთეს მომავალს. აუცილებლად მოვა ის დღე, როდესაც ჩვენ ისევ გვექნება შესაძლებლობა შეხვედრის და შიშის გარეშე დროის ერთად გატარების.
აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ბებიებთან და ბაბუებთან ერთად ისხდებიან შვილიშვილები. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც დავუბრუნდებით ეკლესიას, სინაგოგებს, მეჩეთებს, წავალთ კონცერტზე, წვეულებაზე”, – განაცხადა ბელგიის მეფე ფილიპმა.

პანდემიაზე საუბრისას ხაზგასმულია აშშ-ში არსებული ვითარება და აღნიშნულია, რომ კოლორადოს შტატში 20 წლის ახალგაზრდა ინფიცირებულია კოვიდის ახალი შტამით, რომელიც გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

„გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და ამჟამად იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ახალი შტამის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი, თუმცა, ბრიტანელი კოლეგები აფრთხილებენ ყველას, რომ კოვიდის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება.

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, კვლავ გრძელდება მკაცრი მოწოდება „დარჩით სახლში“. ასევე, სან ჰოაკინის რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები ნულის ტოლია. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ჯერ არცერთ საავადმყოფოს არ გაუკეთებია შესაბამისი განცხადება ე.წ. კრიზისული ზრუნვის შესახებ, რაც ნიშნავას იმას, რომ მედ-პერსონალი ფოკუსირებულია იმ პაციენტებზე, ვისაც მეტი შანსი აქვთ გადარჩენის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კალიფორნიის რამდენიმე საავადმყოფო, შესაძლოა ითქვამს, რომ უკვე ამ რეჟიმში მუშაობს.

აშშ-ში უკვე მეორე დღეა კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რეკორდი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, 3 477 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მიიღო ინფორმაცია სპეციალისტებისგან, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეები შესაძლოა იყოს ყველაზე რთული და სიტუაცია დიდი ალბათობოთ, გაუარესდება. ამის თქმის საშუალებას კი იძლევა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზირების მზარდი მაჩვენებელი იმ პირობებში, როდესაც საავადმყოფოების რესურსები ნელ-ნელა იწურებ“,- წერს უცხოური მედია.

კორონავირუსზე საუბრისას ასევე ხაზგასმულია ესპანეთში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

ესპანეთში ანდალუსიისა და კანტაბრიის რეგიონების გარდა, ყველა სხვა დანარჩენ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება. ექვს რეგიონში, 100 000 მოსახლეზე 250-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, რაც დაწესებულ კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს.

ამჟამად, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბალეარის კუნძულებზე ფიქსირდება, სადაც 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 522 შემთხვევაა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ეპიდვითარება მაიორკაზეც გართულდა, სადაც 100 000 მოსახლეზე 607 ინფიცირებული ფიქსირდება.
რუსეთში COVID-19-ისგან დაღუპულ პირთა რაოდენობა შესაძლოა ოფიციალურ სტატისტიკაზე სამჯერ უფრო მაღალი იყოს. ეს დასკვნა რუსეთის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას განცხადებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, ოფიციალურ სტატისტიკაში უშუალოდ ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა აისახება და არა ვირუსით გამოწვეული სხვა დაავადებების გართულებების შედეგად დამდგარი ლეტალობის შემთხვევები. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთში COVID-19-ით 56 000-ს პირამდეა დაღუპული, ხოლო ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვა გართულებების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა კი 186 000-ს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით 30 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 26 513 და გარდაცვალების 599 ფაქტი გამოვლინდა.

ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში ინფიცირების 7 986 შემთხვევა და გარდაცვალების 232 ფაქტი დაფიქსირდა.
29 დეკემბერს, თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 15 805 და გარდაცვალების 253 ფაქტი გამოვლინდა“,-წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები