საქსტატი: წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.9 პროცენტია, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
საქსტატისვე ცნობით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.
„საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად.
იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები