გიორგი ტყემალაძემ ბავშვთა ჰოსპისის – „ციცინათელების ქვეყნის“ ბინადრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე დღეს ბავშვთა ჰოსპისს – „ციცინათელების ქვეყანას“ ეწვია. გიორგი ტყემალაძემ იქ მყოფ ბავშვებს, რომლებიც უკურნებელი სენით არიან დაავადებულნი, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

„საახალწლოდ ყველას სურს, სიხარული მიანიჭოს გარშემო მყოფებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამ დღეს სახლში ვერ ხვდება და მძიმე ავადმყოფობას ებრძვის. ვფიქრობ, დღეს მცირედით, თუმცა, მაინც შევძელი ამ პატარების გახარება. შევეცადე, მათთვის წინასაახალწლო განწყობა შემექმნა და ყოველდღიური ყოფა გამელამაზებინა. საახალწლო ნობათი, მათთვის განკუთვნილი სპეციალური საკვები, პანდემიის პირობებში საჭირო სამედიცინო ნივთები – ეს ის მცირედია, რაც მათთვის ამ ეტაპზე შევძელი გამეკეთებინა, თუმცა, როგორც დავპირდი, მათზე ზრუნვა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, „ციცინათელების ქვეყნიდან“ არც ის წამოსულა უსაჩუქროდ და მან ბავშვებისგან საოცარი სითბო მიიღო.

„გამომყვა საოცარი სითბო, კეთილი და ღიმილიანი სახეები, რომელიც მათი სევდიანი თვალებიდან იმზირება. მადლობა ამ დაუვიწყარი დღისთვის, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ „ციცინათელების ქვეყნის“ თანამშრომლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ხალხი ბავშვებისთვის დაუღალავად და უანგაროდ შრომობენ.

„არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა „ციცინათელების ქვეყნის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად და უანგაროდ ამ ბავშვებისთვის, მართლაც სასწაულებს ახდენენ. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი შობა – ახალი წელი, მეტი თანადგომა და მხარდაჭერა გისურვოთ მომავალ 2021 წელს, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს საუკეთესო ნაწილს, ჩვენს მომავალ თაობას – ბავშვებს სჭირდებათ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები