დავით მირცხულავა: დენის გაძვირება გარდაუვალი იყო, ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით, ჰესების მშენებლობა რომ არ ფერხდებოდეს

სემეკ-ის  გადაწყვეტილებით, „თელასისა„ და „ენერგო პრო – ჯორჯიას“ აბონენტებისათვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა. ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით – 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს  სემეკ-ი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს.

ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს დაასუბსიდირებს.  რატომ გახდა აუცილებელი ტარიფის ზრდა და, ზოგადად, რა სიტუაციაა ენერგეტიკაში – ამ საკითხზე „კვირა“ პროფესორს, ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ესაუბრა.

რა აუცილებლობით იყო განპირობებული ტარიფის ზრდა?

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა სემეკ-ის განმარტებები. ჩემი შეფასებით, გათვლა გაკეთებულია მაღალ დონეზე  და ამ გათვლებმა აჩვენა, რომ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ იყო. მე შარშან, შარშანწინ არაერთხელ მითქვამს, რომ დენის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო. მაგალითად, გაზი, რომელსაც ვყიდულობთ და ელექტროენერგიის მისაღებად ვიყენებთ – 2019 წელს ჩვენმა თბოელექტროსადგურებმა ამ გაზის მეშვეობით გამოიმუშავეს  2 მლრდ.840 მლნ  კვ/სთ. სოციალური გაზის ფასი, რომელსაც საქართველო იღებს, არის 143 დოლარი. როცა ტარიფები  დადგინდა, მაშინ ლარის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2.54 თეთრი. დღეს 3.25 თეთრია.  იმ პერიოდში 143 დოლარი სადღაც 363 ლარი იყო  დღეს არის 472 ლარი.  ვხედავთ, რამხელა სხვაობაა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ტარიფი არ გაზრდილიყო. ლარის გაუფასურებას დაუმატეთ ინვესტიციები და სხვა ხარჯები, რაც თუნდაც „თელასმა“ და „ენერგო პრომ’’ გასწიეს.  იმისათვის, რომ მათ შეუფერხებლად იფუნქციონირონ,  დენის გაძვირება გარდაუვალი იყო.  ხშირად გაიგებთ საუბრებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ბევრს ეს მხოლოდ ლოზუნგი ჰგონია. სამწუხაროდ, ჩვენ 70 პროცენტით მეზობლებზე ვართ დამოკიდებული. ახლა ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით, თავის დროზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობა ბოლომდე რომ მიგვეყვანა. მაგალითად, ხუდონის მშენებლობა რომ დამთავრებულიყო 2018 წელში,  უიაფეს ენერგეტიკულ რესურს მივიღებდით.  გარდა ამისა, მისი მეშვეობით ენგურჰესი შეძლებდა დამატებით  ნახევარი მილიარდი კილოვატი საათის გამომუშავებას.  მოკლედ, კამპანია, რომელიც ჰესების წინააღმდეგ არის მიმართული, გარკვეულწილად, არის კიდეც ერთ- ერთი მიზეზი, რატომაც გაიზარდა ტარიფი.

რა მიზანი აქვს ამ კამპანიას ჰესების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვაა თუ არის კიდევ სხვა მიზეზები?

წარმოიდგინეთ, თითქმის 30 წელია, გრძელდება ეს კამპანია.  რეალურად, ქვეყნის ძირითადი რესურსის გამოყენება – ათვისებას ებრძვიან.

რას ფიქრობთ, ეს ბრძოლა მხოლოდ შიდა ძალების მიერ არის ორგანიზებული თუ საზღვარგარეთიდანაც ხდება მისი კოორდინაცია?

ეს კითხვა ირიბად პასუხსაც გულისხმობს. ასე ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებას, მე მსგავსი არსად მინახავს. როცა ლაპარაკია ისეთ პროექტებზე, როგორიც ჰუდონი და ნამახვანია, ბუნებრივია,  დაკმაყოფილებული უნდა იყოს გარემოს დაცვის რაც შეიძლება მაღალი სტანდარტები. მაგრამ როცა ეს სტანდარტები ნორმაშია და მაინც  ეწინააღმდეგები, გარკვეულ ეშვებს აჩენს. ნამახვანის მაგალითზე გეტყვით. ხელშეკრულების თანახმად, ამ ჰესმა დღის საათებში ელექტროენერგია სისტემას 6.2 ცენტად უნდა მიაწოდოს მაშინ, როცა  რუსეთიდან ენერგიას 8.2 ცენტად ვყიდულობთ. ვის აწყობს ასეთი სიტუაცია და შეტევა ჰიდროელექტროსადგურებზე?  მუდმივად არის საუბარი მზისა და ქარის ენერგიაზე. კი ბატონო, მაგრამ ჰესების ჩანაცვლება შეუძლებელია.  თუ ჩვენ დამოუკიდებელი ენერგეტიკა გვინდა , დომინანტი ჰიდროჰესები უნდა იყოს. ამის უზარმაზარი რესურსი გვაქვს. რაღაც ჯგუფები, ძირიდათად, ერთი და იგივე, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან  ამას, აპროტესტებენ როგორც დიდი, ასევე მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას.  რეალურად, ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ხელისუფლების პასუხისმგებლობა სად არის ამ დროს. საზოგადოებას ხომ მან უნდა აუხსნას გასაგებად ამ ჰესების  აუცილებლობა?

 რა თქმა უნდა. ამ ტიპის პროექტებს თუ ხელისუფლების მხარდაჭერა არ ექნა,  ისე არაფერი გამოვა. წარმოიდგინეთ, მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. დასაქმება, მაკროეკონომიკური პარამეტრები ხომ უცილობლად გამოსწორდება.  10-მეგავატიანს, 20-მეგავატიანს, ყველა პროექტს ერთი და იგივე პრობლემები აქვს.  თუ გავითვალისწინებთ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას,  გამოდის, რომ მომავალ თაობას უარს ვეუბნებით  განვითარებაზე. ბესარიონ ჭიჭინაძეს რომ  1928 წელს ინიციატივა არ გამოეჩინა, ზაჰესი არ გვექნებოდა.  წარმოიდგინეთ, ახლა ენგურჰესი რომ არ გვქონდეს ან ჟინვალის წყალსაცავი.

ინვესტორები, რომლებსაც აქ ენერგეტიკაში ფულის ჩადების სურვი და ჰესების აშენება სურდათ, საბოლოოდ წავიდნენ თუ შეიძლება მათი მობრუნება?

როგორც მე ვიცი, 2007 წელში შემოვიდა ხუდონის მშენებელი კომპანია და ვერაფერს მიაღწია დღემდე.  აუცილებელია, ქვეყანაში საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ.  მთელი მსოფლიო ფიქრობს წყალბადის განვითარებაზე.  როგორც ენერგო რესურსი, წყალბადი არის მომავალი.  ჩვენ გვაქვს ფანტასტიური საშუალება, რომ ეს დარგი განვავითაროთ.  ამოვიდეთ ეკონომიკური გასაჭირიდან. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მწვანე წყალბადის ექსპორტიორი.  ამ პროდუქტს მთელი ევროპა ელოდება.  ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ თვალსაზრისით წარმატებული გავხდეთ. დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ წყალბადის ექსპორტიორები გავხდეთ.

წყალბადის ექსპორტიორობისათვის ჰესებია საჭირო?

ელექტროენერგიაა საჭირო. ანუ გენერაციის ობიექტებები, მათ შორის,  ჰესებიც. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ენერგია, რომლითაც წყალბადი მიიღება, უნდა იყოს ე.წ. მწვანე ენერგია.  ეს არის ჰიდრო, ქარი და მზე. ქარითა და მზით საქართველო ვერ გამოიმუშავებს ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობას. რჩება ჰიდრო, რის განვითარებაც ფერხდება.

კანონმდებლობაზე რას იტყვით. არის ის მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის?

ჩვენ  კანონმდებლობა ძირეულად განვაახლეთ, ფაქტობრივად, ახალი მივიღეთ. ამ კანონებზე, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ტესტირება გადის რეალურ გარემოში.  მიდის სტრუქტურული რეფორმებიც. იქმნება ელექტროენერგეტიკული ბირჟა, რაც ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯია.  სწორედ ეს ბირჟა უნდა გახდეს სექტორში კონკურენციის გაზრდის საშუალება. კონკურენცია კი უკვე პროგრესია.  ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავა.

ეს ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს უკვე?

ჯერ არა. ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. ბირჟა, დიდი ალბათობით, ფინქციონირებას ზაფხულში დაიწყებს.

რას შეცვლის ეს ბირჟა ბაზარზე?

გაიზრდება ელექტროენერგიის მომწობელთა რაოდენობა, გაიზრდება კონკურენცია გენერაციაში და, შესაბამისად, მომხმარებელს ექნება საშუალება, არჩევანი გააკეთოს შეთავაზებული ფასის მიხედვით. მოკლედ, უხეშად რომ ვთქვათ, იქნება ფასების კონკურენცია ბირჟაზე.

ამ სექტორში თუ დარჩა ისეთი ობიექტი ან სერვისი, რაც სახელმწიფომ ინვესტორს შეიძლება, შესთავაზოს?

ასეთი რეფორმები ყველაზე ადრე საქართველოში სწორედ ენერგეტიკის სფეროში დაიწყო. გენერაციის ობიექტები, სადიტრიბუციო კომპანიები პრივატიზებულია და ეს კარგია.  პრივატიზების მიღმაა ენგური. აქ, ქართულ-აფხაზური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური მდგენელიცაა და ამ საკითხის განხილვა ნაადრევია.  სახელმწიფო მფლობელობაშია ის ორი თანამედროვე კომბინირებული ციკლიც, ანუ თბოსაგურები, რომლებიც ბოლო  ექვს წელში აშენდა. ეს არის 230-მეგავატიანი ინდუსტრია, რომელიც ქართული ენერგეტიკის უდავო წარმატებაა.

სახელმწიფო ენერგოსისტემას რა ფუნქცია აქვს?

ის პასუხისმგებელია დისპეჩერიზაციაზე, ასევე, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე.  ეს ორგანიზაცია 2002 წელს შეიქმნა და ვფიქრომ, ამოცანასა და მიზანს, რაც მას აკისრია, თავს ართმევს. მე ვფიქრობ, რომ  მართვა-დისპეჩერიზაცია სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს. შესაძლებელია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების პრივატიზაცია.  ეს  მისაღები პრაქტიკაა ბევრ ქვეყანაში და ვფიქრობ, კარგი სეგმენტია პრივატიზაციისთვის.

რა პროგნოზს გააკეთებთ, დენის გაძვირებას კიდე უნდა ველოდოთ?

რეგულატორმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო. ახლა აუცილებელია, მოხდეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სრული იდენტიფიცირება და სუბსიდირებაც, რასაც სახელმწიფო აპირებს, სწორედ მათკენ იყოს მიმართული. საზოგადოების ყველა ფენაზე ამ სუბსიდირების გადანაწილება გაუმართლებელი მგონია. კიდევ ერთ პრობლემას დავაყენებ.  ბუნებრივი გაზის შემთხვევაშიც  ვფიქრობ, რომ არსებული სოციალური ტარიფი არ არის სამართლიანი. განაწილებას თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ  4 პროცენტი მოიხმარს მოწოდებული ბუნებრივი აირის 40 %-ს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ 4-მა პროცენტმა გაზი საბაზრო ფასში უნდა მიიღოს. სოციალური ტარიფი გაზის შემთხვევაშიც არ უნდა გავრცელდეს ყველაზე.  საქართველოში ჩამოყალიბდა ფენა, ვისაც შეუძლია გადახდა. შესაძლოა, ეს ფენა არაა დიდი, მაგრამ ხომ არის.  ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისთვისც უნდა შემუშავდეს. ვგულისხმობ მათი როგორც გაზით, ასევე ელექტროენერგიით მომარაგებას.  ეს საწარმოები სადღაც 1500 კილოვატ საათს მოიხმარენ თვეში. ეს არის დაახლოებით 160-170 ლარი თვეში.  თუ ეს ხარჯი შეუმცირდებათან ან დაუსუბსირდებათ, ვფიქრობ, მათთვის დიდი შეღავათი იქნება. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს – გააჩნია, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, რამდენ ხანს გაგრძელდება კოვიდპანდემია და, რაც მთავარია, როგორი იქნება ლარის კურსი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები