საიმიჯო რგოლებთან ერთად, აჭარული სამზარეულოს შესახებ ვიდეოგაკვეთილები მომზადდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლებს საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
მათივე ცნობით, ეს რეგიონის თითოეული კუთხის კულინარიაზე მომზადებული პირველი ვიდეორგოლებია, რომლებითაც ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს ნაკლებ ცნობილი კერძებია წარმოჩენილი.
“აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნული რგოლებით რეგიონის კულინარიის პოპულარიზაციას შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე გეგმავს.
ქობულეთურ სამზარეულოზე მომზადებული კლიპის შემდეგ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიაზე გადაღებული საიმიჯო რგოლებიც ენახა. კლიპებში ნაკლებ ცნობილი ლაზური კერძები – ქაფშია ტაღანეი. ლუყუ დუდეი, ლაზური ბურეღი, ასევე, მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი სინორი, ბორანო და ტოლმა აპოხტითაა გადაღებული. ცნობილმა შეფ-მზარეულებმა გურამ ბაღდოშვილმა და დადუნა ღლონტმა აღნიშნული კერძების ტრადიციული და თანამედროვე ვარიაციები ადგილობრივ მზარეულებთან – გოგა ზანაქიძესა და რომა კაკაბაძესთან ერთად მოამზადეს.
იანვრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას უკვე აჭარული კერძების შესახებ გადაღებულ ვიდეოგაკვეთილებსა და ფოტორეცეპტებს შესთავაზებს. ფოტო-ვიდეომასალა დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სხვა ტრენინგ-სემინარებსა და მასტერკლასებთან ერთად სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე განთავსდება. პროექტის მიზანი რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობა და აჭარული კერძების შესახებ ცნობადობის გაზრდაა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
R