დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ გაძლიერდეს აშშ-ის ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში
2020 წლის 29 დეკემბერს გამართულ წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით 2020 წელს მიღებულ შედეგებს გაუსვა ხაზი.
„მიმდინარე წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – მაიკ პომპეო, აღნიშნული ვიზიტი, მისი დროისა და შინაარსის გათვალისწინებით, გახლდათ საქართველოს მიმართ აშშ-ის მხრიდან გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დემონსტრირება,” – განმარტა მინისტრმა. მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი დიდი ხანია, მზადდებოდა და გახლდათ აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან საქართველოს ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის დაგვირგვინება.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ინტენსიური მუშაობა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს აშშ-ს ჩართულობა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში.
„გაგრძელდება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე მუშაობა, რათა სტრატეგიულ პარტნიორთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუთანაბრდეს დღეს არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით”, – განცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაზეც და განმარტა, რომ, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2020 წლის მანძილზე, მათთან საკმაოდ დინამიკური თანამშრომლობა გრძელდებოდა.
„უნდა გაგრძელდეს ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა და ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება”, – აღნიშნა მინისტრმა.