ბექა დავითულიანი: უნდა განვსაზღვროთ, სახელმწიფო იღებს ეკონომიკის აღმდგენი გენერატორის როლს თავის თავზე თუ ამ როლს კერძო სექტორს ვაძლევთ?
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება, პარლამენტის წევრმა, ბექა დავითულიანმა ფინანსთა მინისტრს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, თუ რამდენად არის გამოკვლეული სახელმწიფო აქტივების საპრივატიზაციო პოტენციალი.
„ფინანსთა მინისტრის მხრიდან მნიშვნელოვანი აქცენტები იქნა დასმული, მათ შორის, პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის და პანდემიით გამოწველი მავნე ეფექტის მინიმალიზების, მაგრამ ჩვენ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება – პოსტ პანდემიურ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა კრიზისიდან სწრაფად ამოსაყვანი და აღსადგენი იქნება რა რესურსი გვაქვს, როდესაც ვალით გვიწევს გარკვეული ვალდებულებების დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება შემოსავლის წყარო და ამ შემოსავლის წყაროსთვის ალბათ უნდა განვსაზღვროთ, სახელმწიფო იღებს ეკონომიკის აღმდგენი გენერატორის როლს თავის თავზე თუ ამ როლს კერძო სექტორს ვაძლევთ? როგორც ჩანს კერძო სექტორისკენ ვიხრებით და რამდენად გვაქვს გამოკვლეული სახელმწიფო აქტივების გასხვისების და საინვესტიციო პაკეტების პოტენციალი? თანხების რა ჯამურ ოდენობაზე შეიძლება ვსაუბრობდეთ? და, საბოლოოდ, რა ეფექტს მოგვცემს ეკონომიკის აღდგენისა და შემდგომში წახალისების თვალსაზრისით სახელმწიფო კომპანიების და მიწების გასხვისება? რამდენად არის გამოკვლეული როდის შევძლებთ ამის ინტენსიურ დაწყებას და ამ კუთხით პოლიტიკის გატარებას”? – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.