კოტე ჯანდიერი: რევოლუციის მოსურნეთა ფაფხური დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უფრო ჰგავს, ვიდრე – სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას

“არც ეს ოპოზიციაა “გაერთიანებული”, არც ნათელაშვილის ეზოა ალტერნატიული პარლამენტი და არც გიგა ბოკერიას დაანონსებული ნონსენსი, ე.წ. ლეგიტიმური რევოლუციაა მოსალოდნელი”,- ამის შესახებ მწერალმა, კოტე ჯანდიერმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რევოლუციის მოსურნეთა ფაფხური დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობა.

“თუკი ისტორიას კოვიდპანდემიის გადასახედიდან დავაკვირდებით, საინტერესო კანონზომიერებას აღმოვაჩენთ: ხალხთა ნებისმიერი დიდი გაერთიანება, საზღვრების გაფართოება ან მათი მოშლა, როგორც წესი, კაცობრიობას ძალიან ძვირად უჯდებოდა. ასეთი პროცესები თანამდევი საშინელი ეპიდემიოლოგიური კატასტროფებით აღინიშნებოდა ხოლმე. მაგალითად, მრავალი განსხვავებული ხალხისა და ეთნიკური ჯგუფის თავმოყრა რომის იმპერიაში II საუკუნის დამდეგს “ანტონინეს სახადად” წოდებული მომაკვდინებელი დაავადების გავრცელებით დასრულდა; ბიზანტიის იმპერიამ, რომელმაც VI საუკუნეში “იუსტინიანეს ჭირის” გამანადგურებელი ეპიდემია გადაიტანა; XIV საუკუნეში ევრაზიაში გავრცელებული “შავი სიკვდილის” ეპიდემიამ იაპონიიდან ადრიატიკის ზღვამდე გადაჭიმული მონღოლთა იმპერიის შექმნა განაპირობა. გამოდის, კორონავირუსის პანდემია არის ფასი, რომელსაც კაცობრიობა გლობალიზაციისათვის იხდის. ჩვენ თვალწინ კვლავ აღიმართა თითქმის გაუქმებული საზღვრები ევროპის სახელმწიფოებს შორის, გაუქმდა საერთაშორისო ფრენები, შეწყდა ტურისტული ნაკადები, ადამიანები დასცილდნენ ერთმანეთს და დეპრესია დაეწყოთ.

გარდა ამისა, საინტერესო დეტალია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მკვეთრად დაცემული ავტორიტეტის გამო სწრაფად გაიზარდა აღმასრულებელი ხელისუფლებების გავლენა და პოლიტიკური წონა. ამ არასტანდარტულ ვითარებას საქართველოში ლამის ეროვნულ უბედურებად ქცეული არჩევნები და შემდგომი გართულებებიც დაემატა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულ ნერვიულ აშლილობამდეა მისული… პანდემიასთან ბრძოლის პირველმა ეტაპმა ნათლად დაგვანახა – როცა პოლიტიკური კლასი, უპირველესად კი მმართველი ძალა, ყურადღებით უსმენს სპეციალისტებს, გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციებით იღებს და, რაც მთავარია, ახერხებს მათი აღსრულების კონტროლს, მაშინ შედეგი დაუყოვნებლივ დგება. მაგრამ საკითხავია, რა ვისწავლეთ? ბევრი ვერც ვერაფერი. ყველამ ჩავთვალეთ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები აღარ არის აქტუალური. ის, რაც აგვისტო-სექტემბერში აჭარის საკურორტო ზონაში ხდებოდა, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და სამოქალაქო შეგნებას კი არა, ელემენტარულ საღ აზრს იყო გაცდენილი – თითქოს მოსახლეობა უპასუხისმგებლო ქცევით, ხელისუფლება უმოქმედობით, ხოლო ოპოზიცია მთელი საქართველოდან ჩამოყვანილი მომხრეებით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ეპიდვითარების რაც შეიძლება სწრაფად და ძლიერ აფეთქებაში.

ერთი რამის თქმა შეიძლება – სამოქალაქო დაპირისპირებისა და რევოლუციის დამღუპველი შედეგები საქართველოში ყველა ოჯახმა იწვნია და ეს კოლექტიურ მეხსიერებაში დაილექა. ამიტომაც პოლიტიკურ პარტიებად წოდებული რადიკალური ჯგუფების მომხრეებიც კი ამ საკითხში არ ეთანხმებიან თავიანთ რჩეულებს, არ მიჰყვებიან ქუჩაში და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვას საარჩევნო ყუთებთან არჩევენ. თუმცა თემურ ალასანიამ და მისმა აღზრდილმა ეს რატომღაც ვერ გაიგეს ან არ სურთ გაგება. ასე რომ, საზოგადოება მართლაც წინ უსწრებს პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვან ნაწილს. მაინტერესებს, რა პასუხი მიიღეს “ევრონაცებმა”, არჩევნების წინ ხალხს რომ ეკითხებოდნენ, ხართ თუ არა მზად იარაღით ხელში დაუპირისპირდეთ ხელისუფლებას და ასე დაიცვათ ხმებიო?.

როცა წინასაარჩევნო გამოკითხვების, ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, კარგად არ მესმის, რა ტოტალურ გაყალბებაზე შეიძლება ლაპარაკი?! ყველა ეს ორგანიზაცია, პლუს ოპოზიციის დამკვირვებლები და კომისიის წევრები (მინიმუმ 11 ათასი კაცი), პლუს საერთაშორისო დამკვირვებლები იყიდეს ან დააშინეს?! ჯერ ერთი, ასეთი მასშტაბის დაშინება პოლ პოტის და რობერტ მუგაბეს რეჟიმებსაც არ ხელეწიფებოდათ, არათუ ჩვენს ძალოვნებს, რომლებსაც გრიგოლ ვაშაძე თავში ურტყამს, უგულავა აგინებს, ხოშტარია კი სახეში აეროზოლს ასხამს. ახლა მეორე – როცა საარჩევნო უბნების გახსნას და გადათვლას გთავაზობენ, როცა გაძლევენ ნებისმიერი უბნის ვიდეოთვალის ჩანაწერს ე.წ. კარუსელების დასაფიქსირებლად, როცა საშუალება გაქვს საგამოძიებო კომისია შექმნა, რომლის თავმჯდომარე და შემადგენლობის ნახევარზე მეტი ოპოზიციურია, როცა გეუბნებიან, თუ ეს კომისია 1%-იან ცდომილებას მაინც აღმოაჩენს, მაშინ ხელახალი არჩევნები დაინიშნებაო, რა ლოგიკით უნდა თქვა უარი, თუკი საკუთარ სიმართლეში ხარ დარწმუნებული? ან იდიოტი უნდა იყო, ან სხვა მიზნები უნდა გამოძრავებდეს.

ალეკო ელისაშვილისთვის ერთი ქვა არ ჩაურტყამთ თავში და ბულდოზერით არ გადაუვლიათ, თორემ სხვა არაფერი დაუკლიათ მხოლოდ იმის გამო, რომ იკითხა, თუ პარლამენტში არ შევდივართ, მერე რა არის ჩვენი გეგმაო? ეს უწყინარი კითხვა ძალიან არსებითი აღმოჩნდა. ელისაშვილი ამბობს, თუ მმართველი ძალა დავიყოლიეთ ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებაზე, რაც ხელს უშლის ოპოზიციას არჩევნების მოგებაში, მაშინ ჩნდება რეალური შანსი კონსტიტუციური, საარჩევნო პროცედურებით შეიცვალოს ხელისუფლება. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ხალხის, ქვეყნის და თავად ოპოზიციისთვის? ეს გზა მრავალპარტიული და პლურალისტული მმართველობის მოდელს გულისხმობს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც დღევანდელი საარჩევნო სისტემით რომელიმე ერთმა ძალამ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. აღარაფერს ვიტყვი იმ პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულ ფუნდამენტურ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებზეც ელისაშვილი ლაპარაკობს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის უარს პარლამენტში შესვლაზე არც რაიმე საფუძველი აქვს, არც პოლიტიკური პრაგმატიზმით ახსნადი მიზეზი.

ყველაფერი გასაგები გახდება, თუ გავიაზრებთ, რომ “ნაცური” და “პრონაცური” ძალები სულაც არ არიან პლურალისტურ გარემოსა და მრავალპარტიულ ხელისუფლებაში ყოფნის მსურველნი. მათ პოლიტიკური რევანშის, სრული და განუყოფელი ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებთ, ვინაიდან ასეთია მათი ბუნება და პოლიტიკური გენეტიკა. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგები ხდება მათი გაუგებარი ჭირვეულობა. სრული და განუყოფელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება დღეს მხოლოდ არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით არის წარმოსადგენი. ხალხს ამის სურვილი დღეს არა აქვს, მათ მიტინგებზე მისულთა რაოდენობა ამაზე მეტყველებს. მაშინ რა რჩება? არც არაფერი, გარდა “კოვიდითა” და გაუსაძლისი ეკონომიკური ვითარებით გამოწვეული მასობრივი პროტესტისა და დესტაბილიზაციისა. ეს მათ დაუფარავად განაცხადეს. რაიმე პოლიტიკური, ეროვნული ან მორალური პრინციპები რომ ჰქონდეთ, ასე თავხედურად ვერ გაილაშქრებდნენ ფასილიტატორ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებზე”, – დასძენს ჯანდიერი და კითხვაზე – “გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ალტერნატიული პარლამენტის შექმნაზე ლაპარაკობს…” – პასუხობს: “თქვენ, ალბათ, ნათელაშვილის ეზოში გამართულ “საფიხვნოს” გულისხმობთ. მოგახსენებთ, რომ არც ეს ოპოზიციაა “გაერთიანებული”, არც ნათელაშვილის ეზოა ალტერნატიული პარლამენტი და არც გიგა ბოკერიას დაანონსებული ნონსენსი, ე.წ. ლეგიტიმური რევოლუციაა მოსალოდნელი. მთელი ეს პარლამენტობანა, რობინჰუდობანა და ბოლშევიკობანა ოპოზიციონერებად წოდებული ადამიანების უნიჭო, უშნო და დრომოჭმული პერფორმანსებია. რეალურად საქართველოში მხოლოდ საგარეო შოკებმა და ფაქტორებმა­ შეიძლება გამოიწვიონ ფართომასშტაბიანი მღელვარება. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ ამ პროვინციული სპექტაკლის მონაწილეებს შესაძლოა დესტრუქციული პროცესების სათავეში ჩადგომის რეალური შანსი გაუჩნდეთ. საბედნიეროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ასეთი სცენარი არ გათამაშდეს. ამიტომ რევოლუციის მოსურნეთა ფაფხური დინების საწინააღმდეგოდ ცურვას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები