ეკატერინე ტიკარაძე: 20 დეკემბრის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 20 დეკემბრის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.
ტიკარაძის განცხადებით, დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.
„ჩვენ მუდმივად გვესმოდა გარკვეული უკმაყოფილება, ტესტირების მასშტაბთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი გავრცელების რომელ ეტაპზე, რა მოცულობის ტესტირება არის ჩასატარებელი. შესაბამისად, გავრცელების მატებასთან ერთად ჩვენ გეგმაზომიერად გავაფართოეთ ტესტირება და დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პჯდ ცენტრში. 20 დეკემბრის მონაცემებით ჩატარებულია 1 800 000-ზე მეტი ტესტი”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.