ეროვნული სასახლე, წინასაახალწლოდ, ახალგაზრდულ მუსიკალურ ფესტივალს „თაობა“ ონლაინ გამართავს
ეროვნული სასახლე, წინასაახალწლოდ, ახალგაზრდულ მუსიკალურ ფესტივალს „თაობა“ ონლაინ გამართავს.
როგორც ,,კვირას” ეროვნული სასახლიდან აცნობეს, სახელოვნებო ფესტივალი „თაობა“ 2018 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებისათვის ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური, კინო, თეატრალური, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალები, სახელწოდებით „თაობა“, რომელშიც ათასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.
,,2020 წლის განმავლობაში ჩატარდა კინოფესტივალი „თაობა“, რომელმაც სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში თბილისის ახალგაზრდებს შესთავაზა 100-მდე სხვადასხვა სახის კინო და საგანმანათლებლო აქტივობა.
დეკემბრის თვეში, ქვეყანაში შექმნილ იმდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული სასახლე და ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები ემზადებიან მუსიკალური ფესტივალის „თაობა“ ონლაინ ფორმატში გამართვისთვის.
ფესტივალი გაიმართება 25-28 დეკემბერს, საფესტივალო პროგრამა მოიცავს ონლაინ ლექციებს, მასტერკლასებს და live კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები და სფეროს პროფესიონალები. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში არიან პიანისტები – გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და არფისტი ელენე გონაძე.
ფესტივალი ტარდება ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის ბაზაზე, ხელმძღვანელი – ლევან დვალი.
ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი „თაობა“ ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით,”- ნათქვამია ეროვნული სასახლის ინფორმაციაში.
ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი – http://taoba.ge
R