კორონავირუსის ახალი შტამი იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, გიბრალტარში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაში გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 575 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 267 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 75 704 857 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 690 061 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

„ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, როგორც კი ეს მათთვის ხელმისაწვდომი გახდება, სანერვიულო არაფერია”, – აღნიშნა ბაიდენმა.

არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ცოლმა, ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში კოვიდ-19-ის 18 029 528 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, ვირუსს ქვეყანაში 319 354 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

ბელგიის პრემიერი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თუ ხუთი ოჯახიდან ერთი მაინც დაარღვევს სადღესასწაულო პერიოდისთვის მიღებულ რეგულაციებს და არ შეიზღუდება შეკრებები, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში იქნება კოვიდის მესამე, დიდი ტალღა. ასევე, პრემიერმა დამატებითი განმარტება გააკეთა იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც ამ დროისათვისაა შემუშავებული სადღესასწაულო პერიოდისთვის. უფრო დეტალურად, 24-25 დეკემბერს ოჯახს აქვს უფლება, მიიწვიოს მხოლოდ ერთი სტუმარი, ხოლო მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს, ნებადართულია ორი ადამიანის დაპატიჟება. ასევე, ნებადართულია სახლის გარეთ, ეზოში სტუმრების მიპატიჟება, თუმცა, შეკრების წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ ადამიანს.

ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, კორონავირუსის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე – მანამდე არსებული შტამები

გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, გიბრალტარში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაში აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ, რომ კოვიდ 19-ის ახალი სახეობა უკვე შეიძლება, აშშ-შიც იყოს.

„კოვიდ 19-ის ახალი სახეობა, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება გამოიწვია, შესაძლოა, უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს“, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელების გამო, გაერთიანებულ სამეფოსთან უკვე 40 ქვეყანაზე მეტმა შეაჩერა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. მათ შორის, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, იტალიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, შვედეთმა პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, თურქეთმა, ისრაელმა, რუსეთმა, კანადამ, ინდოეთმა, ჰონგ-კონგმა, კოლუმბიამ, ჩილემ, არგენტინამ მიმართეს.

„ახლა ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ვარიანტს გადადების უპირატესობა აქვს ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთშია ცნობილი“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, პიტერ ჰორბიმ.

მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ლონდონის Imperial College-ის პროფესორი, ნილ ფერგიუსონი აცხადებს, რომ იმის მინიშნება არსებობს, რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უფრო დიდი მიდრეკილება აქვს ბავშვების დაინფიცირებისკენ.

„ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ვირუსის ახალი ვარიანტი. არსებობს საინტერესო ეპიდემიოლოგიური ტენდენციები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ეს ვირუსი, რომ მას აქვს დიდი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ“, – განაცხადა ნილ ფერგიუსონმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 35 928 ახალი შემთხვევა, რაც, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, არის სერიოზული ღელვის საგანი.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ვირუსი, ამჟამად, კონტროლს არ ექვემდებარება და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მან მოსახლეობას წესების განსაკუთრებული დაცვისკენ მოუწოდა, ვინაიდან ვირუსის ახალი სახეობის კონტროლი ძალიან რთულია.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, მეოთხე განგაშის ზონაში მცხოვრები ადამიანები უნდა მოიქცნენ ისე, თითქოს, მათ უკვე აქვთ ვირუსი და დაემორჩილონ მკაცრი კარანტისი წესებს. ასევე, ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში 23-27 დეკემბერს დაანონსებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა.

გერმანიაში დეკემბრის თვეში ნოემბერთან შედარებით გაორმაგდა კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი, ნოემბერში გარდაცვლილთა მაჩვენებელი იყო 5 796, ხოლო დეკემბერში – 10 027. ამასთან, გასული დღეების განმავლობაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იყო 30 ათასზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის პირველი ტალღის დროს გერმანიამ კარგად მართა ეპიდემია, მკაცრი ლოქდაუნის შემოღების პირობებშიც კი, ქვეყანას უჭირს ეპიდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება.

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 19 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 254 ადამიანი. თურქეთში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმროებისა და განსახლების ობიექტების საახალწლო პროგრამების შეზღუდვის შესახებ გუბერნატორებს ცირკულარი გაუგზავნა. კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთში 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს.

21 დეკემბერს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 29 350 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია. ამასთან, გარდაიცვალა 493 ინფიცირებული;22 დეკემბრიდან, რუსეთი გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს;
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 6 545 შემთხვევა და გარდაცვალების 80 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები