მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე პროფესიულ განათლებაში 2020 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ საგრძნობლად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება. გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, გაიზარდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. დამტკიცდა და წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან სრულად შესაბამისი ეროვნული ჩარჩო.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, თითქმის 15 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2020 წელს სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და, სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ. შესაბამისად, გაღრმავდება კავშირები განათლების სისტემის საფეხურებს შორის. პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის დაინერგება ასოცირებული ხარისხის პროგრამები და შეიქმნება კრედიტების აღიარების მექანიზმი.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს გაერთიანებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის სრულყოფა და 2021 წლის იანვრიდან სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული სკოლების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან, მაგალითად, კახეთში ღვინისა და კულინარიის სკოლები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში საინჟინრო მიმართულების ცენტრი. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმში, წყალტუბოში.
პროფესიულ განათლებაზე საუბრის დასასრულ, მიხეილ ჩხენკელმა მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რაც 2021 წლიდან პროფესიული განათლების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგია და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს. გარდა ამისა, საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და ამით დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების სრულიად ახალი ეტაპი.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.