დავით გადელია: მოსახლეობას მოვუწოდებ, “რემდესივირთან” დაკავშირებით ზედმეტი მოლოდინი ნუ ექნებათ
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პრეპარატ “რემდესივირთან” დაკავშირებით, რომელიც COVID19-ის წინააღმდეგ დამხმარე მედიკამენტად გამოიყენება, მოსახლეობაში უსაფუძვლო მოლოდინებია შექმნილი.
მისივე თქმით, მედიკამენტს ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ ამას თავად ჩათვლის საჭიროდ.
“ძალიან არასწორი პიარი მიდის, განსაკუთრებით – მედიასაშუალებებით. “რემდესივირი” არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაშინ, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ. სხვადასხვა ხედვაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ პრეპარატთან დაკავშირებით. ისიც, რაც არის, სულ რამდენიმე დღით იწვევს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას.
შემოტევასავით წამოვიდა – სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, აი, ხვალიდან ,,რემდესივირზე,, გადახვალთ, ხო? სულ არ პირებს ჩვენი ძალიან გამოცდილი ექიმი, რამდენიმე თვეა, მათ მკურნალობს და არანაირ საჭიროებას არ ხედავს. ეს არც პანაცეაა, არც პირდაპირი დარტყმითი მედიკამენტია ამ დაავადების წინააღმდეგ. ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ, ზედმეტი მოლოდინი ,,რემდესივირთან,, ნუ გექნებათ, არ არის ეს ის პრეპარატი, რომელიც ამ დაავადებას კურნავს და აქრობს. საწყის ეტაპზე შეიძლება, გამოიწვიოს რაღაც დადებითი ცვლილებები.
არც ბატონ თენგიზ ცერცვაძეს უთქვამს არასდროს, რომ რაიმე მედიკამენტი არის, რომელიც პირდაპირ ამ დაავადებას კურნავს. ეს ერთ-ერთი დამხმარე პრეპარატია. შესაძლებელია რაიმე კავშირი, ზუსტად თქმა სრულიად შეუძლებელია, შეიძლება – სულაც დაემთხვა პრეპარატის მიღება გამოჯანმრთელების პერიოდს. ეს არის მედიკამენტი, რომელსაც სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს ერთ-ერთ დამხმარე მედიკამენტად, რომელსაც გამოიყენებს ექიმი რაღაც ეტაპზე, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ”, – განაცხადა დავით გადელიამ.