მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები სულ უფრო მკაცრდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების ასევე, კოვიდი19-ის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, ლონდონში,  სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში „მეოთხე დონის“ შეზღუდვები ამოქმედდა.

ქვეყნის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ  გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი, თუმცა, გამოწვეული იყო ვირუსის ახალი შტამის მაღალი და სწრაფი გავრცელებით.

ახალი შეზღუდვების შედეგად, მაღალი განგაშის ზონაში მოქცეულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლები არ უნდა დატოვონ. გამონაკლისია სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით გადაადგილება. მომსახურეობის სექტორმა მუშაობა შეწყვიტა. აუცილებელია სახლიდან მუშაობა, თუ ეს შესაძლებელია. ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დაიხურა. „მეოთხე დონის“ შეზღუდვების ქვეშ მყოფი ქალაქების მოსახლეობამ აღნიშნული ზონა არ უნდა დატოვოს.

ამ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე სხვა ქალაქებში მცხოვრები ოჯახის წევრების მონახულება ეკრძალებათ.

ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება შოტლანდიის მთავრობამაც მიიღო. 26 დეკემბრიდან, „მეოთხე დონის“ შეზღუდვები შოტლანდიის 4 ქალაქში დაწესდება. მთავრობა მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, რომ დღესასწაულებზე სახლში დარჩნენ, თუმცა, თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ შობის დღესასწაულზე 2 ოჯახის შეკრებაზე მეტი არ არის რეკომენდირებული.

შეზღუდვები დაახლოებით 18 მლნ ადამიანს შეეხება. 20 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 27 052 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  534 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დიდი ნაწილი გამოცხადდა მაღალი განგაშის ზონად (Tier 4), წინა საშობაო პერიოდში დაიხურება მაღაზიები და ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის (British Retail Consortium) განცხადების თანახმად, ათასობით სამუშაო ადგილი დადგება რისკის ქვეშ.

ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მაღალი განგაში არაა გამოცხადებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ეს ისეთივე გამოწვევა იქნება სხვა რეგიონებისთვის, როგორც ქვეყნის სამხრეთი ნაწილისთვის, შესაბამისად, მთავრობას მოუწევს, რომ დამატებით დაეხმაროს ბიზნესს და გააგრძელოს პროგრამები 2021 წელსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას ლონდონი გადავიდა მაღალი სიფრთხილის ზონაში (Tier 3).

შოტლანდიელებს, შოტლანდიის გარეთ, სხვა ქალაქებში მოგზაურობა ეკრძალებათ. მთავრობის რეკომენდაციით, დღესასწაულებზე 8 ადამიანზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს, შეკრების დროს აკრძალულია კერძებისა და დანა-ჩანგლების გაზიარება. თუ შეკრებაზე მყოფ რომელიმე ადამიანს კორონავირუსის სიმპტომი გამოუვლინდება, ყველა სტუმარი ტესტის პასუხამდე, თვითიზოლაციაში გადავა.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს.

საფრანგეთმა კვირიდან 48 საათის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა.
გერმანიამ, კანადამ იტალიამ და ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო.

იტალიაში 20 დეკემბერს კორონავირუსით ინფიცირების 16 306 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  553 ადამიანი კი გარდაიცვალა. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობამ ზომების შემდგომი გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საშობაო და საახალწლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადდება. სრული ე.წ. ლოქდაუნი 24 – 27 დეკემბრის ჩათვლით, 31 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრის ჩათვლით და 2021 წლის 5-6 იანვარის პერიოდში იმოქმედებს. აღნიშნულ დღეებში მთელი ქვეყანის მასშტაბით, „წითელი ზონის“ შეზღუდვები იმოქმედებს. სასიცოცხლოდ აუცილებელი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, ხოლო რესტორნები და ბარები მხოლოდ სახლში მიტანის სერვისზე იმუშავებს. მოსახლეობას სახლიდან გასვლას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლება.
ნათესავებთან სტუმრობა ერთდროულად მაქსიმუმ ორ ადამიანს შეეძლება; იტალიაში ყველანაირი სპორტული ღონისძიება შეიზღუდება, თუმცა გამონაკლისის სახით, მოსახლეობა საკუთარ სახლებთან ახლოს ღია სივრცეში სავარჯიშოდ გასვლას შეძლებს. 28-30 დეკემბერს, ქვეყანა „ნარინჯისფერ ზონაში“ მოექცევა და მოსახლეობა სახლიდან გასვლას შეძლებს, თუმცა, მათ საკუთარი ქალაქების დატოვება არ შეეძლებათ. აღნიშნულ პერიოდში რესტორნები და ბარები კვლავ მხოლოდ მიტანის სერვისზე იმუშავებს. იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ ბარებსა და რესტორნებს მთავრობა 645 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. 21 დეკემბრიდან 2021 წლის 6 იანვრამდე, იტალიაში რეგიონებს შორის გადაადგილება შეიზღუდება და 22:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.
იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი პაციენტი კორონავირუსის ახალი შტამითაა ინფიცირებული. პაციენტი და მისი პარტნიორი გაერთიანებული სამეფოდან რამდენიმე დღის წინ ავიარეისით დაბრუნდნენ და ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.

აშშ-ში მილიონობით ამერიკელი არის ფინანსური კატასტროფის ზღვარზე და მცირე ბიზნესების დიდი ნაწილი ისე დაზარალდა, რთული იქნება მათთვის ამ კრიზისის დაძლევა. მძიმე მდგომარეობაში არიან საავადმყოფოები, რადგან ვერ უმკლავდებიან ინფიცირებულების გაზრდილ რაოდენობას. ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 201 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბელგიის პოლიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებული კონტროლი გამოიწვევს მათი საქმიანობის არასათანადოდ მაღალ დონეზე შესრულებას. მათი შეფასებით, რეგულაციების დაცვის მონიტორინგი მოითხოვს დიდ დროს და ისინი ვეღარ შეძლებენ, სათანადოდ განახორციელონ ის მოვალეობები, რაც მათ აქამდე ჰქონდათ დაკისრებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 18 დეკემბერს მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების შესახებ.
ბელგიაში, კოვიდ ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 15%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, გაზრდილია გარდაცვალების მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებლით 94.7%, რაც 2.2%-ით მეტი წინა კვირის მაჩვენებელზე.

შვეიცარიაში 22 დეკემბრიდან 2021 წლის 22 იანვრამდე რესტორნები, ბარები, სპორტული, კულტურისა და დასვენების ობიექტები დაიკეტება. სასტუმროების რესტორნები დაშვებული იქნება მომხმარებელთა შეზღუდული ოდენობით
რუსეთში, 19 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. სანქტ პეტერბურგის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 20 დეკემბრისთვის ქალაქში COVID-19-ით ინფიცირებულთათვის მხოლოდ 27 საწოლი რჩება თავისუფალი. ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

თურქეთში 19 დეკემბერს ინფიცირებულთა ოფიციალურმა ჯამურმა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ინფიცირების 20 316 და გარდაცვალების 246 ფაქტი დაფიქსირდა;
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირების 8 325 და გარდაცვალების 116 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები