ზურაბ ჯაფარიძე: ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი “გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას
“ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი “გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას”, – ამის შესახებ ,,გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ახალი “გირჩისთვის” საინტერესო საკითხი რაც იყო, შეთანხმებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გაიტანა მოლაპარაკების მაგიდაზე.
,,ძველ და ახალ “გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება – ერთ-ერთი მეტი ღიაობაა. იდეოლოგიას რაც შეეხება, ისევ კლასიკური ლიბერალიზმის ერთგული ვრჩებით.
არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ საკითხზე ვითანამშრომლოთ ,,ქართულ ოცნებასთან”, თუმცა, მაინც კონკურენტები ვიქნებით. საბოლოოდ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი “გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას. არა მგონია, “ოცნებას” ჩაეხუტონ, არც ის, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრნენ, ნიჭიერი ხალხია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ.
ახალი “გირჩისთვის” საინტერესო საკითხი რაც იყო, შეთანხმებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გაიტანა მოლაპარაკების მაგიდაზე.
ძალიან რთული ვითარება რომ გვაქვს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მეხუთე რაუნდი ჯერ დანიშნულიც არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან კონტაქტი არ ჰქონიათ მოდერატორებს. ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებების დაახლოება ვერ ხერხდება. მე იმის თქმაც მიჭირს, დაინიშნება თუ არა შემდეგი რაუნდი, ან თუ დაინიშნება, დამთავრდება თუ არა შედეგით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “გირჩი” არასდროს დაფინანსდება ბიუჯეტიდან.
,, არასდროს ამიღია პარტიის დასაფინანსებლად ბიუჯეტის ფული და არც მომავალში ვაპირებ. “გირჩი” არასდროს დაფინანსდება ბიუჯეტიდან. როგორ ვარსებობთ? კერძო შემოწირულობებით. ათასობით მოქალაქე ყოველთვიურად გვირიცხავს ფულს, დაწყებული ერთი ლარით, დამთავრებული ორასით. ეს არის სწორი გზა, თუ გვსურს, პოლიტიკა პოლიტიკას ჰგავდეს.
გამიჭირდება მთლიანი ოპოზიციის სახელით საუბარი, არ ვიცი, რომელ პარტიას რა გეგმა აქვს. მე მხოლოდ ჩემს თავსა და ახალ “გირჩზე” შემიძლია, გითხრათ – ჩვენ პარლამენტის გარეთ ბრძოლის გამოცდილება გვაქვს და ასევე ვაპირებთ გაგრძელებას. განსხვავება ის იქნება, რომ ადაპტირება მოგვიწევს ახალ რეალობასთან, პარლამენტის მანდატების გარეშე უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით ახალ ,,გირჩში” ახალი სახეებიც იქნებიან.
,,ახალი სახეები აუცილებლად გვეყოლება, მათ შორის, ბევრი ახალგაზრდა იქნება. რაც შეეხება გაერთიანებას, არავისთან არანაირი ფორმატით არ ვაპირებთ გაერთიანებას, “გირჩს” თავისი გზა აქვს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ “გირჩს” დააფუძნებს. პარტია დარეგისტრირდება სახელით – “მეტი თავისუფლება – “გირჩი”.