საბა ბუაძე: “ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს, თუმცა, პარლამენტში არშესვლაზე პოზიცია ძალიან პრინციპულია

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, “ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს, თუმცა, პარლამენტში არშესვლაზე პოზიცია პრინციპულია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობს.

„ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი დესტრუქციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებასა და შეთანხმების ყველა შესაძლებლობის გვერდზე გადადებას. „ქართული ოცნება“ დღეს ამ არაკონსტიტუციური და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს, ნაცვლად იმისა, რომ კომპრომისი გამოინახოს და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს შეთანხმება, პროცესმა ინსტიტუციურ ჩარჩოებში გადაინაცვლოს. „ქართული ოცნება“ ცდილობს, უფრო მეტი წნეხი გამოავლინოს, რათა პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედება მოახდინოს. ეს მათ არ გამოუვათ. პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პოზიცია ძალიან პრინციპულია. შანტაჟისა და წნეხის საშუალებით მათ ვერ მოახერხეს ამ ყველაფრის გადათქმა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები