„გამაოგნებელი იყო პოლიტიკოსების მოთხოვნა – თურმე, შესაძლებელია, ამნისტია შეეხოს ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც სამშობლოს ღალატი აქვთ ჩადენილი“

“გამაოგნებელი იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის მოთხოვნა – ამნისტია, ჰუმანური აქტი, თურმე, შესაძლებელია, შეეხოს ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც სამშობლოს ღალატი აქვთ ჩადენილი”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის” ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა.
კაკაბაძე დაანონსებულ ამნისტიასა და მის შესახებ პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა.
მანვე განმარტა, რომ ამნისტია მუხლობრივი აქტია და კონკრეტული მუხლი ვისაც ეხება, პატიმრობიდან ის ადამიანები თავისუფლდებიან.
„სამწუხაროდ, პოლიტიკოსები დაეჩვივნენ სისულელეების ლაპარაკს. დაეჩვივნენ აბსოლუტურად გაუგებარი წინადადების შემოთავაზებას. ჯერ ერთი, ამნისტია არ ეხება ინდივიდებს, ესაა შეწყალების თემა ან ვადამდელი გათავისუფლება, რომელიც ინდივიდური აქტია. ამნისტია მუხლობრივი აქტია. კონკრეტული მუხლით ვისაც ეხება, ის ადამიანები თავისუფლდებიან. ამნისტიაში ვერ ჩაიწერებოდა, რომ რურუას შეხებოდა.
ასევე, ტელევიზიით ვუსმინე პოლიტიკოსების მოთხოვნას: ეს რატომ არ შეეხო ისეთ პატიმრებს, რომლებიც გარეჯის საქმესთან დაკავშირებით იხდიან სასჯელსო. ეს იმდენად გამაოგნებელი იყო, ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები იყვნენ ისინი, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ, მოხვედრილიყვნენ პარლამენტში. საქმე გვაქვს რასთან – ჰუმანური აქტი, თურმე, შესაძლებელია, შეეხოს ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც სამშობლოს ღალატი აქვთ ჩადენილი. თუ ამ ადამიანებს დაუმტკიცდებათ ის, რომ მიზანმიმართულად იყვნენ ჩართულები პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე ჩვენი იურისდიქციის შეწყვეტას გულისხმობდა და ასეთ ადამიანებზე თუ პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ უნდა შეეხოს ამნისტია, იმის ადგილი არამცთუ პოლიტიკაში, მგონი, ქვეყანაშიც არ არის“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გუშინ გამართა.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები, თუმცა, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახური ძალადობა.
„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა.
„საყოველთაო ამინისტია სწორი იდეაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა. ერთადერთი დეტალი, რაც მისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მინდა, შევახსენო, რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება, ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს. ამიტომ, დეტალები გვაინტერესებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო და, შესაბამისად, თუ პატივს დაგვდებს „ქართული ოცნება“ და უფრო დეტალურად აგვიხსნის, რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები