ირაკლი კობახიძე: პარლამენტში საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების პაკეტი შევიდა

“გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

„ეს პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებასა და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, არის სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. ამ კანონპროექტების პაკეტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები