“მათ ვპირდებოდი, რომ კანონის ფარგლებში დავეხმარებოდი, მაგრამ შეუძლებელია, ვიღაცას 2000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი დავუკანონოთ” – სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაზე
„აფრიკის დასახლებაში და, ზოგადად, სამგორის რაონში ძალიან ბევრი მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემა არის. აქ ვხვდებით ისეთ ქუჩებს, სადაც არასდროს არ ყოფილა ასფალტი, გაზი, წყალი, კანალიზაცია და ასევე არის უკანონო დასახლებები”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ზოგიერთი ეს დასახლება არის რამდენიმე ათეული წელია და, ბუნებრივია, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ, აშენებული აქვთ სახლები, ბაღები მოაწყვეს. მათ ვპირდებოდი, მაქსიმალურად, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, დავეხმარებოდი, მაგრამ – კანონის ფარგლებში ყველა უნდა მოვექცეთ.
კონკრეტულად დღეს რაც მოხდა აფრიკის დასახლებაში და მე რაც მოვიკითხე, არცერთ იმ სახლში არ ცხოვრობდნენ და უმეტესობა იმ სახლებისა, ბოლო რამდენიმე თვეა, არის აშენებული. ბუნებრივია, მათ მე ვერაფერს ვერ დავპირდებოდი.
იყო უამრავი ადამიანი, რომლებიც მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული მიწები, პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელია – ვიღაცას 2,000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი დავუკანონოთ, კი, შეიძლება, არ არის ქალაქის ცენტრი, მაგრამ იქაც თავისი ფასია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.