ირაკლი კობახიძე: საქართველოს ერთ-ერთი ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილს ვგულისხმობ, ახსენებს გერმანელებს იმ მძიმე წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ
“საქართველოს ერთ-ერთი ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილს ვგულისხმობ, იმ ფაშისტური ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის მეუღლე, ახსენებს გერმანელებს იმ მძიმე წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თავდასხმები ელჩებზე არის უმძიმესი მოვლენა, მით უმეტეს, ფორმის გათვალისწინებით.
“დღეს იყო კიდევ ერთი თავდასხმა გერმანიის ელჩზე – ადამიანი, საქართველოს ერთ-ერთი ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილს ვგულისხმობ, იმ ფაშისტური ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის მეუღლე, ახსენებს გერმანელებს იმ მძიმე წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ.
რაც შეეხება თავდასხმას ამერიკის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, ეს არ არის ერთი პრობლემური მედიამფლობელის ფანტაზიის ნაყოფი, ამის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ეს ადამიანიც, ვინც პირველი გამხმოვანებელია ამ მესიჯების, ნიკა გვარამია, არის, ბუნებრივია, ამ პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ მთავარი, ვინც დგას ამ ორკესტრირებული და ორგანიზებული თავდასხმის უკან, არის გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია. ეს არის მისი იდეები და სწორედ ამის ხორცშესხმა ხდება, საბოლოოდ, პირველ ყოვლისა, ნიკა გვარამიას მიერ და „ნაცმოძრაობის“ მთელი აქტივის მხრიდან. კონკრეტული პარტიები, „ლელოსა“ და „გირჩის“ ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ მიუღებელია ასეთი თავდასხმები. მიუღებელი როა და სხედან ბოკერიას, გვარამიასა და ბურჯანაძის გვერდით, აქ სად არის სტანდარტები და და პრინციპები. სწორედ იქიდან ჩანს, რომ სიტყვით ემიჯნებიან, მაგრამ საქმეში არიან აბსოლუტურად ერთად. შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში „უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით“.
„არადა, გერმანიის ელჩი წესით უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, მით უმეტეს, სხეულის ნაწილების დაწვაზე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.